ევროპის საინვესტიციო ბანკი სომხეთ-საქართველოს შორის ელექტრო გადამცემი ხაზისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურის ასაშენებლად 10 მილიონი ევროს სესხს გამოყოფს.
აღსანიშნავია, რომ ელექტრო გადამცემი ინფრასტრუქტურის პროექტის განსახორციელებლად უკვე გამოყოფილია 85 მლნ ევროზე მეტი სასესხო რესურსი გერმანიის განვითარების ბანკის მიერ და ასევე, 10 მლნ ევროს ოდენობის გრანტი ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის ფარგლებში. გარდა ამისა, პროექტის განხორციელებაზე სახსრები გამოყო ორი ქვეყნის მთავრობამაც. მათ შორის სომხეთმა 1.5 მილიონი ევრო, ხოლო საქართველომ 6,5 მილიონი ევრო.
საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი, ახალი ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობა მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებისთვის და მდგრადობისთვის.
„სომხეთთან მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი შარშან მოვაწერეთ, რომელიც ორ ეტაპიან მშენებლობას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე 350 მგვტ–ის ინფრასტრუქტურა აშენდება მეორე ეტაპიც 350 მგვტიანი იქნება. ჯამში 700 მგვტ–მდე ელექტროენერგიის მიმოცვლა იქნება შესაძლებელი საქართველოსა და სომხეთს შორის.
ეს რა თქმა უნდა, საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი და ახალ სადგურებს, რომლებსაც ჩვენ ვაშენებთ მოვუმზადოთ მაქსიმალურად დივერსიფიცირებული ბაზრები.“ განაცხადა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძემ