გასული კვირა, ენერგოსექტორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხელი მოეწერა რამდენიმე პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებებს, ასევე, გაფორმდა რამდენიმე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ახალი ჰესების მშენებლობა, საქართველოს ერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. ახალ ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის უარყოფითი ენერგობალანსის შემცირებას.
“ნენსკრა ჰესის” პროექტზე 1 მილიარდი დოლარი დაიხარჯება და აქ გამომუშავებული ენერგია მთლიანად საქართველოში დარჩება”
საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K Water-თან, რომელიც “ნენსკრა ჰესის” მშენებლობაზეა პასუხისმგებელი, ელექტროენერგიის შესყიდვის ძირითად პირობებზე შეთანხმდა. შეთანხმებას საპარტნიორო ფონდის ოფისში მოეწერა ხელი.
მიმდინარე ეტაპზე მიმდინარეობს “ნენსკრა ჰესის” პროექტის სამშენებლო ტენდერი, რომელშიც 7 პრეტენდენტი მონაწილეობს, მათ შორის არიან მსოფლიოში ცნობილი იტალიური, ესპანური, კორეული და თურქული კომპანიები. თითოეულ მათგანს ჰესებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ. მაისში დასახელდება ჰესის მშენებელი გამარჯვებული კომპანია, რომელიც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს.
ტენდერში მონაწილე კომპანიები საპარტნიორო ფონდმა K Water, Fichtner, Allen@Overy, IFC, BNP Paribas-თან ერთად შეარჩია. პროექტის ინვესტორი სამხრეთ კორეული კომპანია K Water–ია, რომელიც საპარტნიორო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე. პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია(IFC).
280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მილიონი კვტ/სთ იქნება.
“ნენსკრა ჰესის” პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ დოლარია და მისი დასრულება 2021 წლისთვის არის განსაზღვრული.
“K Water–ი ამ პროექტში 700 მილიონის ინვესტირებას გეგმავს, ასევე იგეგმება ინვესტიციები საერთაშორისო ბანკებისგანაც. იმედი მაქვს, სხვა ინსტიტუციონალური ინვესტორებიც უფრო მეტად დაინტერესდებიან თქვენი ქვეყნით და მნიშვნელოვნად გაზრდიან ინვესტიციებს.
რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ გეგმებს, ვაპირებთ მშენებლობის დაგეგმილზე ადრე დაწყებას და ვფიქრობ, რომ ეს ამ ზაფხულში მოხდება. ჩვენი მიზანია, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება წინასწარ განსაზღვრულ ვადაზე ბევრად ადრე შევძლოთ – დაახლოებით 2019 წლის ბოლოსთვის”, – განაცხადა K Water–ის წარმომადგენელმა იანტაკ ჩოიმ.
პროექტის მნიშვნელობისა და სხვა დეტალების შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემაც ისაუბრა. “გარდა K Water–ისა, ამ პროექტის დაფინანსებაში ჩაერთვება აზიის განვითარების (ADB) ბანკი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) ბანკი და ასევე სხვა საერთაშორისო კომპანიები. ასეთი მოცულობის საინვესტიციო პროექტი პოსტსაბჭოთა საქართველოში პრაქტიკულად პირველად ხორციელდება. ეს არის 280 მგვტ ჰესი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს უარყოფითი ენერგეტიკული ბალანსის შევსებას ზამთრის განმავლობაში. ასევე მიმაჩნია, რომ 2020 წლისთვის, როცა ეს ჰესი ექსპლუატაციაში შევა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ასევე ხაზგასასმელია, რომ მთლიანი გამომუშავებული ელექტროენერგია დარჩება საქართველოში”, – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.
“შუახევიჰესის” 400 მილიონდოლარიანი პროექტი დაიწყო”
გასულ კვირას კიდევ ერთი მასშტაბური ენერგოპროექტის შესახებ მოხდა გადაწყვეტილების მიღება, ხელი მოეწერა ,,შუახევიჰესის’’ პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულების და საქართველოს მთავრობასთან მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ პირდაპირ ხელშეკრულებას.
დოკუმენტზე ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ინდოეთის უდიდესი ინტეგრირებული ენერგოკომპანიის TATA POWER–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანილ სარდანამ, Clean Energy Invest-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბარდ მიკელსენმა, “აჭარისწყალი ჯორჯიას” აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ ბრანზეგმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ელექტროენერგიისა და ენერგორესურსების განყოფილების დირექტორმა ნანდიტა პარშადმა, IFC -ის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ევროპის ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ვებკე შლომერმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) კერძო სექტორის პროექტების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაიკლ ბაროუმ.
“შუახევიჰესის” პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში ყველაზე დიდი მიმდინარე საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტია, ჯამური ღირებულებით 400 მლნ აშშ დოლარი.
“შუახევიჰესის” პროექტი, საქართველოში პირველი კერძო საინვესტიციო პროექტია საერთაშორისო დაფინანსებით. პროექტის განხორციელების მიზნით IFC-მ 250 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიზიდა. ამ ინვესტიციიდან 90 მლნ. აშშ დოლარი აზიის განვითარების ბანკმა (ADB), 90 მლნ. აშშ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), ხოლო 70 მლნ. აშშ დოლარი IFC-მ გამოყო.
,,შუახევიჰესის’’ მშენებლობის პროექტს ინდურ თატა Pოწერ-სა და ნორვეგიული ჩლეან Eნერგყ Iნვესტ-ის მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმო “აჭარისწყალი ჯორჯია” ახორციელებს.
“შუახევიჰესის” პროექტის ფარლებში 600–მდე საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული. ასევე, “აჭარისწყალი ჯორჯია” თავისი საქმიანობით ამკვიდრებს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს. კომპანიას ყოველდღიურად შეაქვს თვისი წვლილი რეგიონის გრძელვადიანი განვითარების საქმეში. “შუახევიჰესის” პროექტის ფარგლებში კომპანიას სოციალური პროექტებისთვის გამოყოფილი აქვს 6 000 000 ლარი, რომელიც დაიხარჯება ადგილობრივი მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სოციალური პროექტებზე.
“შუახევიჰესის” სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ამ პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს ენერგოსისტემას 187 მგვტ დადგმული სიმძლავრე შეემატება.
“შუახევიჰესის” პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატის ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად. “შუახევიჰესი” გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს წელიწადში 200 000 ტონაზე მეტი სათბური გაზების შემცირებას.