რა მოცულობის დენს მოიხმარს კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანია საქართველოში

2020 წლის ელექტრობალანსის თანახმად, კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანია „ბი ეფ დი სი“ (Bitfury) საქართველოში პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 5%-ს მოიხმარს.

ცნობისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საბითუმო ბაზარზე სავალდებულო რეგისტრაცია ევალება იმ კომპანიებს, რომელთა საშუალო თვიური მოხმარება 15 მილიონ კილოვატ/საათს აღემატება. შესაბამისად, ეს კომპანიები ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები არიან და ისინი დენს სადისტრიბუციო კომპანიებისგან არ ყიდულობენ.

ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, პირდაპირ მომხმარებლებს შორის წელს ჯამში 13 კომპანია მოხვდა, მათ შორის არიან – „ჯორჯიან მანგანეზი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, “რუსთავის ფოლადი”, კრიპტოვალუტის მწარმოებლები შპს „ბი ეფ დი სი“ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ „ბი ეფ დი სი“ ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით იმ 6 კომპანიას შორის არის, რომლებიც ყველაზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს. კერძოდ, ეს 6 კომპანია, რომელმაც სხვებთან შედარებით გაცილებით მეტი – 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს ასე გამოიყურება:

  • “ჯორჯიან მანგანეზი” – 910.4 მლნ კვტ/სთ;
  • „რუსთავის აზოტი“ – 242.6 მლნ კვტ/სთ;
  • „ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია“ – 185.3 მლნ კვტ/სთ;
  • “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” – 163 მლნ კვტ/სთ;
  • „რუსთავის ფოლადი“ – 155.4 მლნ კვტ/სთ;
  • „ბი ეფ დი სი“ – 109.9 მლნ კვტ/სთ.

ცნობისათვის, Bitfury კაიმანის კუნძულების ოფშორშია რეგისტრირებული და ის მისი შვილობილი კომპანიების გავლით ოპერირებს. Bitfury Group LTD რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე, კომპანიას ჰყავს შვილობილი კომპანია ლუქსემბურგში – Bitfury (Luxembourg) Sàrl, რომელსაც თავის მხრივ ჰყავს შვილობილი კომპანია ნიდერლანდებში – Bitfury Holding BV. სწორედ აღნიშნული ჰოლდინგი ფლობს საქართველოში ბიტკოინების მწარმოებელ კომპანიას “ბი ეფ დი სი ჯორჯიას.”

Bitfury ერთ-ერთი მსხვილი ბლოკჩეინ კომპანიაა, რომელიც კრიპტოვალუტების გამოშვებისთვის – “მაინინგისთვის” აწარმოებს მძლავრ ჩიპებს და კომპანიებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ბლოკჩეინ სერვისს.

წყარო: bpn

Leave a Reply