ირანი, მიუხედავად მის მიმართ გატარებული სანქციებისა, არასდროს მალავდა, რომ ევროპის ბაზრისთვის გაზის მიწოდებით იყო დაინტერესებული,-აღნიშნულის შესახებ Trend.az წერს.
ირანის სანქციებისგან გათავისუფლება და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის განახლება, დასავლეთ ქვეყნების ბაზარზე, ირანის გაზის გატანის შანსებს ზრდის. ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ევროპისთვის გაზის მიწოდებას მხოლოდ თურქეთისა და აზერბაიჯანის მარშრუტით იძლევა. ორივე მარშრუტს კი თავისი უპირატესობა აქვს. თურქეთის გავლით, ევროპისათვის გაზის მიწოდების მანძილი ბევრად მოკლეა, ვიდრე აზერბაიჯანის, თუმცა თურქეთის მარშრუტი სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული. თურქეთის არასტაბილური მდგომარეობა, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული დაიწყო, ამ რეგიონში ინვესტირებას ბევრად უფრო სარისკოს ხდის.
ირანის განცხადების მიხედვით, თურქეთის პროვინციებში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო, თეირანი უკვე განიხილავს ეროპისათვის გაზის მიწოდების სხვადასხვა მარშრუტებს, რომლებიდანაც ყველაზე კარგი ალტერნატივა აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ირანმა ევროპის ქვეყნებს თურქეთის გავლით რომ მიაწოდოს გაზი, აზერბაიჯანულ გაზმომარაგების პროექტ TANAP-ს გვერდს მაინც ვერ აუვლის. ასევე, ირანს, არც ფინანსური მხრივ აწყობს “თურქეთის დინებაში” ჩართვა. იმისათვის, რომ ირანი “თურქეთის დინებას” შეუერთდეს, თურქეთის მინიმუმ 13 პროვინციაში, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა გახდება საჭირო, რომლებზეც TANAP-ი გაივლის. ასე რომ, ამ ეტაპზე, ირანისათვის, ევროპის ქვეყნების გაზის ბაზარზე გასვლის საუკეთესო და შეიძლება უალტერნატივო მარშრუტი აზერბაიჯანია,-აღნიშნავს Trend.az-ი.
ipress.ge