ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ნავთობზე ფასების მატება მოსალოდნელია. მისი თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ პანდემიის დაძლევის მოლოდინები ოპტიმისტურია.
„ნავთობის ფასი გასულ წელს ისტორიულად ერთ-ერთ დაბალ ნიშნულზე იყო. განსაკუთრებით მარტ-აპრილში, ზოგადად მთელი წელი სანავთობე ინდუსტრიისთვის იყო უაღრესად ნეგატიური, ვინაიდან ფასები იყო ძალიან დაბალი, რაც განპირობებული იყო პანდემიით.
ნოემბრიდან როდესაც დააანონსეს, რომ ვაქცინა უკვე გამოჩნდებოდა, და გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები, ნავთობზე ფასის მატება დაიწყო. მას შემდეგ ვაქცინაც გამოჩნდა და ვაქცინაციის პროცესიც დაიწყო, აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტი ხალხის ვაქცინაცია მოხდება და ეს პროცესი წარმატებული იქნება, მით უფრო შეუწყობს ეს ხელს იმას, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, ეკონომიკა გაიხსნება, ეს ყველაფერი კი ნავთობის ფასის მატებასთან პირდაპირპროპორციულია“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა bm.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, ნავთობის ფასების მატება ნოემბრიდან ფიქსირდება. მიმდინარე ეტაპზე კი ნავთობის ფასი მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა.
ამასთან, მთვრალაშვილის თქმით, დეკემბერში საწვავის ფასი საქართველოში 5-7 თეთრით გაიზარდა. იანვარში კი თუ ნავთობზე ფასების მატება გაგრძელდა, ფასების მორიგ კორექტირებას უნდა ველოდოთ. მისივე განცხადებით, ფასების მატება შეეხება ყველას – იქნება ეს ბრენდირებული თუ არაბრენდირებული კომპანია.
„უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს ნავთობის ფასების მატება დაკავშირებულია იმასთან, რომ ეკონომიკა იხსნება, სხვა შემთხვევაში ნავთობზე ფასი არ გაიზრდება. ეს კი ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია“, – დასძინა მან.
წყარო: bm.ge