ამერიკაში ფიქალის გაზის წარმოების "ბუმია": ემუქრება თუ არა რუსულ ენერგოიმპერიას აღსასრული?!

ამერიკაში ფიქალის გაზის წარმოების “ბუმია”: ემუქრება თუ არა რუსულ ენერგოიმპერიას აღსასრული?!

რუსეთს, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, აშშ-ის სახით კონკურენტი გამოუჩნდა. როგორც გავლენიანი გამოცემა Wall Street Journal-ი წერს,  აშშ ენერგოინდუსტრიის მასშტაბებით მალე რუსეთს უკან ჩამოიტოვებს. ამერიკელი ექსპერტების ოპტიმიზმი ფიქალის გაზის წარმოებას უკავშირდება.

გაზის მოპოვების ახალი ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში ფლობდნენ და ცდებსაც ატარებდნენ, თუმცა ტექნოლოგიამ დასრულებული სახე სულ რამდენიმე წელია მიიღო. ეს არის ბურღვის ახალი სისტემა, რომელიც ვერტიკალურთან ერთად ჰორიზონტალურსაც მოიცავს, შემდეგ კი, ჰიდრავლიკური აფეთქების მეშვეობით, ფიქალში ბზარებს ჩნდება, საიდანაც ბუნებრივი აირი უკვე თავისუფლად გამოდის. მართალია, ტრადიციული მეთოდით წარმოებული გაზის თვითღირებულება 1000 კუბურ მეტრზე 20 დოლარს შეადგენს, ფიქალის კი – 100 დოლარს, სამაგიეროდ, ამ უკანასკნელის რესურსი გაცილებით დიდია. მისი მოპოვება რუსეთის მონოპოლიისგან თავის აცილების საშუალებას იძლევა, რომელიც ათას კუბურ მეტრს ევროპაში თითქმის 400 დოლარად ყიდის.

“რევოლუციური ტექნოლოგიის” წყალობით, აშშ-მა ბოლო ხუთი წელია, ბუნებრივი აირის იმპორტი 32-დან 15%-მდე შეამცირა (მანამადე, გათხევადებული აირი ყატარიდან ტანკერებით მიჰქონდა, რაც ათას კუბურ მეტრზე 500 დოლარი უჯდებოდა); ასევე, წარმატებით შეამცირა სავაჭრო დეფიციტი და შარშან, 1982 წლის შემდეგ პირველად, ბუნებრივი აირის წარმოებით რუსეთი უკან ჩამოიტოვა. ენერგეტიკული რესუსების უმსხვილესი მომხმარებლიდან მწარმოებლად აშშ-ის გადაქცევა გლობალურ ბაზარზე ახალი თამაშის წესების დამკვიდრებას გამოიწვევს.

“მოვლენები აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ვითარდება. მსოფლიოში ახალი შესაძლებლობების ეპოქა დადგა, რაზეც  მილიონი წლების განმავლობაში ვერ ვიფიქრებდით”, – განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ადამ სიემენსკიმ.

თუმცა, ოკეანისგაღმელი კონკურენტი რუსეთს არა მხოლოდ ბუნებრივ აირის ინდუსტრიაში ჯაბნის: აშშ ნავთობის წარმოების “მარათონშიც” ჩაება – საბადოების ათვისება ჩრდილოეთ დაკოტასა და სამხრეთ ტეხასში აქტიურ ფაზაში შედის. რუსეთი დღეში,  საშუალოდ, 10,8 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს, აშშ კი – 900 ათასი ბარელით ნაკლებს, თუმცა, რამდენიმე წლის წინ ეს სხვაობა 3 მილიონი ბარელს აღწევდა.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-მ წელს ივლისში ნავთობისა და გაზის წარმოება დღეში 22 მილიონ ბარელამდე აიყვანა, მაშინ როდესაც 2013 წლის პროგნოზით, რუსეთს დღეში 21,8 მილიონი ბარელი უნდა ეწარმოებინა, შესაბამისად, აშშ სიდიდით მესამე ენერგომწარმოებლიდან მეორე გახდა საუდის არაბეთის შემდეგ.

“მოსკოვი შიშობს, რომ აშშ მას ენერგეტიკული ბაზრიდან გააძევებს”, -წერს ამერიკული გამოცემა.

“ყველაზე დიდ დანაკარგს გლობალურ ბაზარზე რუსეთი მიიღებს. მისი ბიუჯეტის 40%-ზე მეტი ნავთობისა და გაზიდან მიღებული შემოსავლებით ივსება”, – აცხადებს რუსეთის მეცნიერთა აკადემიის ენერგეტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი, ტატიანა მიტროვა. მისი შეფასებით, 2015 წლიდან რუსეთის ნავთობის ექსპორტი 25-30%-ით მოიკლებს, რითაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 100 მილიარდი დოლარით შემცირდება.

თუმცა, გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ პესიმისტურ პროგნოზს რუსეთში ყველა არ იზიარებს. “გაზპრომის” ერთ-ერთი ხელმძღვანელის აზრით, აშშ-ის ფიქალის გაზის ინდუსტრია “საპნის ბუშტია, რომელიც მალე გასკდება”. გარდა ამისა, თავად რუსეთს ფიქალის გაზის დიდი მარაგები აქვს – 285 ტრილიონი კუბური მეტრი და მეცხრე ადგილზეა  (ფიქალის მარაგების მიხედვით მსოფლიო ხუთეულში შედის: ჩინეთი – 1, 115 ტრილიონი კუბური მეტრი, არგენტინა – 802 ტრილიონი კუბური მეტრი, ალჟირი- 707 ტრილიონი კუბური მეტრი, აშშ – 665 ტრილიონი კუბური მეტრი, კანადა- 573 ტრილიონი კუბური მეტრი).

ფიქალის გაზის მომავალს სკეპტიკოსები აშშ-შიც გამოუჩნდნენ. მათი აზრით, ამ ინდუსტრიაში “ბუმი” მნიშნელოვნად იქნება დამოკიდებული მსოფლიოში ნედლეულის ფასებზე, სახელმწიფო რეგულაციებსა და საზოგადოების მხარდაჭერაზე. უკანასკნელი გამოკითხვებით, ფიქალის გაზის მოწინააღმდეგეთა რიცხვი (რაც, ძირითადად, სეისმოლოგიური მოსაზრებებითაა განპირობებული) ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 38-დან 49%-მდე გაიზარდა.

სხვა რისკ-ფაქტორებს შორის ექსპერტები მსოფლიოს ეკონომიკურ ზრდის შენელებასაც ასახელებენ, რაც ენერგორესურსების გაიაფებას იწვევს და ინდუსტრიას აიძულებს, წარმოების ტემპები შეანელოს.

Leave a Reply