რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუსული გაზის ექსპორტისა და ფასების პროგნოზი მნიშვნელოვნად შეამცირა. გაზის ექსპორტის ხარჯზე კი რუსეთი ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლის დიდი ნაწილის ფორმირება ხდება.
როგორც ”როიტერს” მთავრობის წარმომადგენელმა შეატყობინა, სამინისტრო ელოდება, რომ რუსეთი 2012 წელში 193 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ექსპორტს განახორციელებს. 2015 წელს კი, 209 მილიარდს. აპრილში, უწყების პორგნოზი გაცილებით ოპტიმისტური იყო. კერძოდ, 2012 წელს რუსეთს 212 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ექსპორტი უნდა მოეხდინა, 2015 წელს კი, 253 მილიარდის.
სამინიტროს პროგნოზით, დსთ-ს ქვეყნებში ბუნებრივი აირის საშუალო ფასი, 2012 წლის 393 დოლარიდან 2015 წელს 366 დოლარამდე დაიწევს.
სამინისტროს ხელმძღვანელ ანდრე კლეპაჩის განაცხადებით, პროგნოზების შემცირება ევროპაში მოთხოვნის შემცირების ფონზე ე.წ ფიქლის აირის წარმოების გაზრდას უკავშირდება.
”თუ ადრე გაზპრომი ფიქლის აირთან დაკავშირებით სიტუაციას შესაფერისად არ აფასებდა, ახლა ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად უდგება,” – აღნიშნა კლეპაჩმა.
ანალიტიკოსებმა უკვე არაერთხელ აღნიშნეს, რომ ”გაზპრომი” ამერიკის, ჩინეთისა და ევროპის მიერ ფიქლის აირის მოპოვების გაზრდასთან ერთად, გაზის ბაზარზე პოზიციებს კარგავს. ამ ტიპის გაზის მეშვეობით, 2009 წელს ამერიკამ პირველად გაუსწრო რუსეთს ბუნებრივი აირის მოპოვებაში და ექსპორტზეც კი დაიწყო მუშაობა. რუსმა მაღალჩინოსნებმა ასევე აღიარეს, რომ ”ფიქლის აირის რევოლუცია” რუსეთისათვის მნიშვნელოვან დანაკარგს ნიშნავს. ამის შესახებ პირველად 2010 წელს იური ტრუტნევმა განაცხადა, რომელსაც მაშინ ბუნებრივი რესურების მინისტრის თანამდებობა ეკავა.
ჰორიზონტალური ბურღვის განვითარების შედეგად შესაძლებელი გახდა ე.წ. ფიქალის გაზის მოპოვება. საინტერესოა, რომ გაზის ამ მარაგს აქამდე არც კი განიხილავდნენ. ფიქალის გაზის მოპოვების დაწყებასთან ერთად აშშ-ში ბუნებრივი აირი სულ უფრო მეტია და ადგილობრივი კომპანიები იძულებულნი არიან გასაღების ახალი ბაზრები ეძებონ.