თურნავა: საქართველოში საკუთარი ელექტროენერგიის წყაროები უნდა დომინირებდნენ

სასურველია რომ ჩვენი საკუთარი ელექტროენერგიის წყაროები კვლავაც დომინირებდნენ მომატებული მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში, – ამის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში წელიწადში ჯამში 4 მილიარდი კილოვატ-საათის ელექტროენერგიის და იმპორტულ გაზზე დაყრდნობილი ელექტროენერგიის იმპორტირება ხდება, რაც ქვეყნის წლიური მოხმარების 30%-ზე მეტს შეადგენს.

„სამომავლოდ, როდესაც ეკონომიკა აღდგება და მოხმარება მომავალში ეკონომიკურ ზრდასთან ერთად გაიზრდება, სასურველია რომ ჩვენი საკუთარი ელექტროენერგიის წყაროები კვლავაც დომინირებდნენ ამ ახალი, მომატებული მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში. ეს არის ჩვენი ენერგოუსაფრთხოება და ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა. კი, გარკვეულ კომპონენტში ელექტროენერგიით ვაჭრობა, იმპორტი დარჩება, რაც სწორია მოქნილობისთვის, მაგრამ ელექტროენერგიის მეტი წილი უნდა იფარებოდეს საკუთარი გამომუშავებით, თუნდაც არ იყოს იაფი ეს საკუთარი გამომუშავება, მაგრამ ეს რესურსი დარჩება ქვეყანას“, – განაცხადა მინისტრმა.

Leave a Reply