თურნავა: ტარიფის ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა, გარდაუვალი იყო

ტარიფის ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა, გარდაუვალი იყო, თუნდაც იმის გამო, რომ დღეს მოქმედი ტარიფი 2017 წლის ბოლოსაა დადგენილი. ამის შემდეგ ძალიან დიდი დროა გასული და ძალიან ბევრი მოცემულობა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკაში. ამას ემატება ისიც, რომ 2020 წელი, საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის, უმძიმესი წელია, კოვიდპანდემიის გამო, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში, საქართველოშიც, ტარიფების ჩამოყალიბებასა და კალკულაციაზე პასუხისმგებელია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო. ეს სწორ პრაქტიკადაა მიჩნეული, რადგან მთავრობა რომ იყოს ტარიფების ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელი, ყოველთვის გვექნება იმის მცდელობა და ცდუნება, რომ ტარიფი არ გავზადოთ, თუნდაც იმ შემთხვევაში, ობიექტურად თუ იარსებებს ამის მიზეზი, რადგან გარკვეული სოციალური წნეხია და ხელისუფლებას ამის გათვალისწინება უწევს. სწორედ ამიტომაა მოფიქრებული ცივილიზებული ფორმა – არსებობს დამოუკიდებელი მარეგულირებელი. ჩვენს შემთხვევაში, ესაა სემეკ-ი. ეს კომისია დადგენილი კანონმდებლობითა და მეთოდოლოგიით თვლის, თუ რა არის დღეს ელექტროენერგიის ადეკვატური ტარიფი. ეს ხდება იმისთვის, რომ არ შეიქმნეს საფრთხე ელექტროენერგიის შესყიდვისთვის, გადაცემისთვის, დისპეჩერიზაციისთვის და ოჯახებამდე მიტანისთვის“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

Leave a Reply