შოთა გულბანი: პანდემიურმა კრიზისმა სემეკი იძულებული გახადა, ტარიფის ზრდის შესახებ ენერგოკომპანიების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა

პანდემიურმა კრიზისმა სემეკი იძულებული გახადა, ტარიფების ზრდის შესახებ ენერგოკომპანიების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, შოთა გულბანმა.

„2017 წლის შემდეგ დღეს პირველად დაუდგინდათ ენერგო და წყალმომმარაგებელ კომპანიებს ახალი ტარიფები. პანდემიის პირობებში მოხმარება შემცირდა როგორც ელექტროენერგიის, ასევე სასმელი წყლის შემთხვევაში. შესაბამისად, შემცირდა გადახდები, რამაც შეამცირა კომპანიების შემოსავლები. ასეთი ტიპის კომპანიების ერთადერთი შემოსავლის წყარო არის მომხმარებლების მიერ გადახდილი ტარიფი, საფასური იმ ოდენობის შესაბამისად, რა ოდენობის ელექტროენერგიასა და წყალსაც მოვიხმართ,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა შოთა გულბანმა.

მისი თქმით, პანდემიურმა კრიზისმა ენერგო კომპანიებშიც საკითხი იმგვარად დააყენა, რომ არათუ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ მისი მიწოდების უწყვეტობის შენარჩუნებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რის გამოც მარეგულირებელი იძულებულია, კომპანიების მოთხოვნა გარკვეულწილად დააკმაყოფილოს ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით.

Leave a Reply