ლევან დავითაშვილი: “ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა პირველადი მოხმარების სურსათის ფასებს არ გაზრდის”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომერციული სექტორი, რომლისთვისაც გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი, არ გაზრდის პირველადი მოხმარების სურსათზე ტარიფს, რადგან სახელმწიფო დაასუბსიდირებს გაზრდილ სხვაობას.

„გამოვკვეთეთ კონკრეტული დარგები, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. ესაა სურსათის წარმოება, ჩვენი სფერო, სადაც შევარჩიეთ პირველადი საჭიროების პროდუქტები. ამ მიმართულებით, ტარიფის ზრდის ნახევარს სახელმწიფო დაასუბსიდირებს მთელი წლის განმავლობაში, 2021 წელს. სახელმწიფომ გააკეთა პირველადი მოხმარების სურსათის იდენტიფიცირება. ბუნებრივია, ყველაფრის სუბსიდირებას ვერ მოვახერხებთ, რადგან რესურსები შეზღუდულია. ფული, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ, სახელმწიფომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა გადაანაწილოს“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში საუბრისას.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი, (დღგ-ს ჩათვლით) 3.5 თეთრით იზრდება. თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება.​​ ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ თბილისში სასმელი წყლის ტარიფის ზრდას მხარი დაუჭირა. ახალი ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და 2023 წლის ჩათვლით იმოქმედებს.

Leave a Reply