ივანე მაჭავარიანი: ენერგეტიკის შემთხვევაში, საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია – როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში

იქნება გაძვირება, თუმცა ეს იყო გარდაუვალი. როცა ჩვენ სხვადასხვა სექტორს, ამ შემთხვევაში, ენერგეტიკას ვაანალიზებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია – როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ღამის კურიერში“, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„2021 წელი რთული იქნება, შესაბამისად, ამ პერიოდშია მნიშვნელოვანი, დავეხმაროთ და თანადგომა გამოვუცხადოთ მოსახლეობასა და შესაბამისად, ბიზნესის გარკვეულ ნაწილს, რაც, ძირითადად, კვების მრეწველობას შეეხება. 2022-2023 წელს უფრო სწრაფ და დინამიკურ ეკონომიკურ აღდგენას ველოდებით. ამ პერიოდში, უკვე საბაზრო მექანიზმები იმოქმედებს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ აღარ მოგვიწევს სუბსიდირება. იქნება გაძვირება, თუმცა ეს იყო გარდაუვალი. როცა ჩვენ სხვადასხვა სექტორს, ამ შემთხვევაში, ენერგეტიკას ვაანალიზებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია – როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი, (დღგ-ს ჩათვლით) 3.5 თეთრით იზრდება. თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება.​​ ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ თბილისში სასმელი წყლის ტარიფის ზრდას მხარი დაუჭირა. ახალი ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და 2023 წლის ჩათვლით იმოქმედებს.

Leave a Reply