ჯერაც ხელუხლებელმა საბადოებმა შესაძლოა გლობალური ენერგეტიკის ლანდშაფტი შეცვალონ.
ოკლაჰომა სიტი. აშშ-ში ბუნებრივი აირის აქამდე მიუწვდომელი საბადოების დასამუშავებლად დანერგილი ახალი ტექნოლოგია მსოფლიოში გავრცელებას იწყებს, რაც ამ ყველაზე სუფთა საწვავის მარაგის მსოფლიო მასშტაბით გაზრდის იმედებს აღძრავს.
საწვავის იტალიელი და ნორვეგიელი ტექნოლოგები და გეოლოგები ტეხასში, ოკლაჰომასა და პენსილვანიაში ჩამოვიდნენ, რათა ბუნებრივი აირის თიხოვანი ფიქლის ქანებიდან მოპოვების ტექნოლოგიებს ადგილზე გაეცნონ. საწვავის მომპოვებელი კომპანიები მთელი ევროპის მასშტაბით იჯარით იღებენ დასამუშავებელ უბნებს, ნავთობწარმოების მესვეურები კი ქანებს აგროვებენ და ახალი საბადოების ძიებაში გულდასმით სწავლობენ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის რუკებს.
საბადოების დამუშავების ეს მსოფლიო მასშტაბის ციებ-ცხელება დღესდღეობით საწყის ეტაპზეა, მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი უკვე წინასწარმეტყველებს, რომ თიხოვანი ფიქლის აირი საგრძნობლად შეამცირებს ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე. გამოითქმის აგრეთვე ვარაუდი, რომ მომავალი ორი ათწლეულის მანძილზე ბევრ ქვეყანაში ბუნებრივი აირის მარაგი გაიზრდება, ამ ბოლო წლებში აშშ-ში 40 პროცენტიან ზრდასთან თანაფარდობის გათვალისწინებით.
“იხსნება ახალი ასპარეზი მთელს მსოფლიოში კოლოსალური რესურსების მოპოვებისათვის, – ამბობს ტეხასის რაისის უნივერსიტეტის ენერგოექსპერტი ემი მეიერსი, – ეს ბუნებრივი აირის გეოპოლიტიკას შეცვლის”.
ბუნებრივი აირის უფრო ფართო მოხმარება გლობალური დათბობის შემცირებასაც შეუწყობს ხელს, რადგან გაზი გაცილებით ნაკლებ, ე.წ. სათბურის გაზებს გამოყოფს, ვიდრე ნავთობი ან ნახშირი.
ეკონომიკურად ისეთ მზარდ ქვეყნებს, როგორებიცააა ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც მეტისმეტად არიან დამოკიდებული ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად აუცილებელ ნახშირზე, როგორც ჩანს, თიხოვანი ფიქლის გაზის წარმოების საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნიათ. აირის მარაგის გაზრდა ხელს შეუწყობდა აგრეთვე განვითარებად ქვეყნებს სატრანსპორტო საწვავად ბენზინის ნაცვლად გაზი გამოეყენებინათ.
ფიქალი ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნალექ ქანს წარმოადგენს და მსოფლიოს ბევრ ადგილას მოიპოვება. მას, როგორც აირის წყაროს, ადრე ნაკლებად იყენებდნენ, სანამ ათი წლის წინ ამერიკულმა კომპანიებმა ქანების მტვრევის და ჰორიზონტალური ბურღვის სპეციალური ტექნოლოგია არ შეიმუშავეს.
ამერიკისა და კანადის საზღვრებს გარეთ საბადოები ნაკლებად ათვისებულია და ამიტომ ამ სფეროს სპეციალისტები სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამენ, თუ რამდენი ფიქლის გაზის მოპოვება შეიძლება მსოფლიოს მასშტაბით. ყველაზე თავშეკავებული შეფასებებითაც კი, პროგნოზები დიდებულია და ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგის არანაკლებ 20 პროცენტით გაზრდას გულისხმობს.
ენერგოწყაროების მკვლევართა და კონსულტატანტთა ჯგუფის – Cambridge Energy Research Associates-ის ამასწინანდელი გამოანგარიშებით, ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ მოპოვებული ფიქალის გაზი, შესაძლოა 211 წლის მარაგს(შეერთებულ შტატებში მოხმარების დღევანდელი დონის გათვალისწინებით) უტოლდებოდეს და 690 წლის მარაგის ოდენობამდეც კი გაიზარდოს.
“აირის მოპოვების ეს მეთოდი ენერგეტიკის სფეროს ბოლო ათწლეულის უდიდესი ინოვაციაა, – ამბობს კემბრიჯის ჯგუფის ხელმძღვანელი დენიელ იერგინი, – გასაკვირი ის არის მხოლოდ, რომ მის გახსნაზე პომპეზური ცერემონია არ შემდგარა. ეს სიახლე როგორღაც ჩუმად შემოგვეპარა”. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ფიქალის აირის მოპოვება ტეხასში, ლუიზიანასა და პენსილვანიაში გავრცელდა. ამერიკული კომპანიები ახალ-ახალ საბადოებს ეძებენ საზღვარგარეთ, იმ ქვეყნებში, სადაც ენერგიაზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნაა. ძირითადი აქცენტი ევროპაზეა, სადაც გაზის ფასები ამერიკულ ფასებს თითქმის ორჯერ აჭარბებს, ქალაქების სიახლოვეს კი ფიქლის დიდი საბადოები მოიპოვება.
კომპანია Exxon Mobil-მა რამდენიმე თვის წინ გერმანიაში სასინჯი ჭაბურღილები გააკეთა; Devon Energy კი ფრანგულ კომპანია Total-თან გაერთიანდა იმ პირობით, რომ საფრანგეთში სამუშაოების დაწყებაზე თანხმობა მიიღოს.
ConocoPhillips-მა თავის მხრივ ახლახანს განაცხადა, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას პატარა ბრიტანული ფირმის შვილობილ კომპანიასთან, პოლონეთის ბალტიის აუზში 400,000 ჰექტარის დამუშავების შესახებ.
ენერგეტიკის სფეროს ევროპელი მესვეურები აცხადებენ, რომ პერსპექტივა ნამდვილად ახარებთ, რადგან კონტინენტის გაზის მარაგი მეტად მცირეა საიმისოდ, რომ მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
“ყველასათვის ცხადია, რომ ამ საქმეს ვეებერთელა პოტენციალი აქვს, – ამბობს ფიქლის საბადოების მიმართ მზარდი ინტერესის მქონე ნორვეგიული კომპანიის StatoilHydro-ს ხელმძღვანელი აშშ-სა და მექსიკაში, ოივინდ რაინერტსენი, – თქვენ ხედავთ, როგორ იტაცებენ ევროპის საბადოებს და ეს პროცესი, სავარაუდოდ, ინდოეთისა და ჩინეთის მიმართულებითაც გავრცელდება”.
მსოფლიო ნავთობკომპანიების კონსულტანტი დონალდ ი. ჰერცმარკი კი აცხადებს, რომ დაახლოებით ათწლეულის განმავლობაში, ფიქლის აირის მარაგი ევროპას მისცემს საშუალებას რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების ნებისმიერი შეფერხების პირობებში გაძლოს. 2006 წელს და შემდგომ შარშანდელ ზამთარშიც, რუსეთმა ევროპას უკრაინის გავლით გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ამ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების გამო, რამაც ევროპაში გაზის დეფიციტი გამოიწვია.
ევროპული კომპანიები აშშ-ს ფიქალის საბადოებში წილს იდებენ, ნაწილობრივ ამერიკის ბაზრის მომარაგებისა და აგრეთვე სპეციალური ტექნოლოგიის ადგილზე შესწავლის მიზნით. ყველაზე მასშტაბურ ტანდემად დღესდღეობით ითვლება ოკლახომა სიტის კომპანია Chesapeake Energy და მისი სტრატეგიული პარტნიორი StatoilHydro.
“ფიქლის საბადოები სახეზეა, – ამბობს StatoilHydro-ს გეოლოგი ლარს ერიკ ოინო, რომელიც Chesapeake-ის ადგილობრივ სამმართველოს ხელმძღვანელობს, – ამ ყველაფერმა კი შესაძლოა უზარმაზარი გავლენა მოახდინოს ევროპის დღევანდელ ენერგეტიკულ ვითარებაზე”.