საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების ზრდას დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილების შედეგად, მოქალაქეებისთვის ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3.5 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კი საშუალოდ 12 თეთრით გაძვირდა. ამასთანავე, ახალი ტარიფები ძალაში მხოლოდ დროებით – 6 თვის ვადით იქნება, გრძელვადიან ტარიფს კი სემეკი 2021 წლის ივლისამდე დაადგენს.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მათ ტარიფის დადგენის პროცესში არ გაითვალისწინეს კომპანიების მიერ წარმოდგენილი ხარჯების ნაწილი, რასაც “თელასისა” და “ენერგო პროს” პროტესტი მოყვა. ნარმანიას თქმით, ამ ხარჯების მოცულობა 30 მილიონ ლარს შეადგენს და ამ ხარჯის გათვალისწინების შემთხვევაში ტარიფების მატება კიდევ უფრო მკვეთრი იქნებოდა.
საუბარია სხვადასხვა კატეგორიის ადმინისტრაციულ და საკონსულტაციო ხარჯებზე, რომელთა გათვალისწინებასაც კომპანიები სემეკს სთხოვდნენ.
“მარეგულირებელმა კომისიამ დადგენილი წესით მიიღო გადაწყვეტილება ტარიფების გადათვლასთან დაკავშირებით. ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ სიღრმისეულად შევისწავლეთ კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადები. “თელასის” და “ენერგო-პრო ჯორჯიათვის” ჯამში, აუდიტის შედეგად 30 მლნ ლარზე მეტი არ იქნა გათვალისწინებული, განომდინარე იქედან, რომ არ იყო დადასტურებული შესაბამისად დოკუმენტურად, ჩვენი აუდიტის წესების მიხედვით და არ ითვალისწინებდა მეთოდოლოგია ტარიფში ამ ყველაფრის ასახვას.
შევითანხმეთ მათი საინვესტიციო განაცხადები და ამ განაცხადების შეთანხმების შემთხვევაში მხოლოდ აუცილებელი პროექტები დავტოვეთ, რომელიც ელექტროენერგიის უსაფრთხო და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით და სპეციალური ფორმულით დავიანგარიშეთ ტარიფები. მოსახლეობის ნაწილში, ტარიფების ზრდა როგორც დედაქალქში, ასევე რეგიონებში შეადგენს 3.5 თეთრს, ხოლო რაც შეეხება კომერციულ მომხმარებელს, აქ სამი ტიპისი ძაბვის საფეხური გამოიყოფა, თითოეული ძაბვის საფეხურზე დადგენილი იქნა ცაკლე ტარიფები 11, 12 და 13 თეთრია დაახლოებით ზრდა.
თქვენი თვალითაც დაინახეთ, რომ კომპანიები არიან უკმაყოფილო, იმიტომ რომ არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება და ყველა პროექტის გათვალისწინება. ჩვენ ობიექტური აუცილებლობიდან გამოვედით და არ გავცდით ჩვენს მიერ დადგენილ წესებს, პრინციპებს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის ჩემი აზრით მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება,”- აცხადებს დავით ნარმანია.
უშუალოდ ტარიფის გაძვირების მიზეზს კი სემეკის თავმჯდომარე ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების გაუარესებული გამომუშავებით, ასევე ლარის კურსის გაუფასურებით ხსნის.
“ბოლო ორი წელი არ იყო კარგი ჰიდროგამომუშავება და ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ელექტროენერგია დააკლდა მთლიან კალათას. ასევე იყო სხვა რამდენიმე ფაქტორი, რომლებმაც მოახდინეს ზეწოლა. რაც შეეხება გაცვლით კურსს, ჩვენ ლარის გაცვლით კურსად ავიღეთ ბიუჯეტის პროექტში არსებული კურსი. რასაკვირველია ლარის კურსი ახდენდა გავლენას შესასყიდი ელექტროენერგიის ფასზე,”- ამბობს დავით ნარმანია.