დენის ტარიფი – რეალური საფრთხე თუ “ღია კარის მტვრევა”

ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 72%-ით გაძვირდა

2021 წლის პირველი იანვირდან საქართველოს კერძო ბიზნესისთვის და ყველა არასაყოფაცხოვრებო აბონენტისთვის ელექტროენერგიის ტარიფი მკვეთრად გაიზრდება. სემეკის მიერ დღეს მიღებული დადგენილების თანახმად, სხვადასხვა კატეგორიის ძაბვის ელექტროენერგიის ტარიფი ერთ კილოვატზე საშუალოდ 72%-ით იზრდება. ამასთან, სემეკის გადაწყვეტილებით, ფასების მატება უფრო მკვეთრი “ენერგო პრო ჯორჯიას” ქსელში იქნება, ვიდრე “თელასის” გამანაწილებელ ქსელში.

2021 წლის პირველი იანვრიდან “ენერგო პროს” ქსელში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფები ასე განისაზღვრება:

110-35 კვ. – ძველი ტარიფი 14.86 თეთრი კილოვატზე; ახალი ტარიფი – 28.267 თეთრი, ზრდა 13.407 თეთრი, რაც 90.2%-ია; 
10-6-3.3 კვ. – ძველი ტარიფი 16.251 თეთრი კილოვატზე; ახალი ტარიფი – 30.879 თეთრი, ზრდა 14.628 თეთრი, რაც  90%-ია; 
380-220 ვ – ძველი ტარიფი 21.083 თეთრი კილოვატზე; ახალი ტარიფი – 31.96 თეთრი, ზრდა 10.877 თეთრი, რაც 51.6%-ია.

“თელასის” ქსელში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფები ასე განისაზღვრება

110-35 კვ. – ძველი ტარიფი 16.11 თეთრი კილოვატზე; ახალი ტარიფი – 27.37 თეთრი, ზრდა 11.26 თეთრი, რაც 69.9%-ია; 
10-6-3.3 კვ. – ძველი ტარიფი 16.882 თეთრი კილოვატზე; ახალი ტარიფი – 29.646 თეთრი, ზრდა 12.764 თეთრი, რაც 75.6%-ია
380-220 ვ – ძველი ტარიფი 21.219 თეთრი კილოვატზე; ახალი ტარიფი – 32.831 თეთრი, ზრდა 11.612 თეთრი, რაც 54.7%-ია.

შესაბამისად, როგორც “თელასის”, ასევე “ენერგო პროს” ქსელში ტარიფის საშუალო მატება 72%-ია.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა იმ კომერციულ აბონენტებს, რომლებიც საკვების წარმოების სფეროში საქმიანობენ, ტარიფის მატების 50%-ს დაუსუბსიდირებს.

“მოგეხსენებათ, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება მოხდება არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ ორგანიზაციებისთვის და რა თქმა უნდა, არსებობს რისკი ამ გაზრდილი ტარიფის გადაცემის საბოლოო პროდუქტის ფასზე. ამ მიზეზის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც საკვები ადგილობრივი პროდუქტების წარმოების პირველად დასაქმებაშია, სრულად დაუსუბსიდირდება ნაზარდი ტარიფი, დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა 50%-ით 2021 წლის განმავლობაში,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

დღესვე სემეკმა განახლებული სამომხმარებლო ტარიფი დაადგინა. როგორც თელასის, ასევე ენერგო პროს აბონენტებისთვის ელექტროენერგია კილოვატზე 3.5 თეთრით გაძვირდა. მთავრობის განცხადებით, სახელმწიფო იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ ტარიფის მატებას სრულად დაუსუბსიდირებს.

წყარო: bm.ge

Leave a Reply