ნარმანია

ნარმანია: “სემეკი დენის ტარიფის დადგენისას ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს”

ელექტროენერგიის დღეს მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით დადგინდა, ვადა ეწურება, ამიტომ წლის ბოლომდე სემეკმა ახალი ტარიფი უნდა დაადგინოს, რომელიც ძალაში 2021 წლის იანვრიდან შევა. ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ ხვალ იმსჯელებს.

სანამ სემეკი კომპანიების არგუმენტებს მოისმენს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს, კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“ აანონსებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია.

თავის მხრივ, მარეგულირებელი ჯერ კონკრეტულს არაფერს ამბობს. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, რასაც მარეგულირებელი მიიღებს, იქნება ობიექტიური და დაეფუძნება არა კომპანიების განცხადებებს, არამედ ტარიფის გაანგარიშების კონკრეტულ წესებს და ფორმულას.

„სემეკმა დაასრულა აუდიტი. ყველა ძირითადი პარამეტრი  ხელთ გვაქვს. ხვალინდელ სხდომაზე კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და მიიღებს ობიექტურ და დაბალანსებულ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და ის პარამეტრები, რაც დამტკიცდება, იქნება ორიენტირებული ხარისხიან და უსაფრთხო ენერგიის მიწოდებაზე.

კომპანიებთან მუდმივად გვაქვს დავა. მათი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტის გათვალისწინება, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ფორმულები, გაანგარიშების კონკრეტული წესები და აქედან გამომდინარე, ვიღებთ ობიექტურ გადაწყვეტილებას. მივცემთ კომპანიებს საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ დააფიქსირონ მოთხოვნები, ვუპასუხებთ ადეკვატურად და მივიღებთ ობიექტიურ გადაწყვეტილებას“, – აცხადებს დავით ნარმანია.

Leave a Reply