სემეკ-მა “თელასს” დენის შესყიდვის ფასად 11,173 თეთრი უკვე განუსაზღვრა, რაც ადრინდელზე თითქმის 6 თეთრით მეტია. ეს კი ნიშნავს, რომ თბილისში დენის სამომხმარებლო ტარიფიც აუცილებლად გაიზრდება და სპეციალისტების გათვლებით, მატება 4-5 თეთრის ფარგლებში იქნება.
ლარის გაუფასურების შემდეგ ენერგოკომპანიებმა სემეკ-ს ტარიფის გადახედვის მოთხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართეს. 1-ლი აგვისტოდან, “ენერგო-პროს” მოთხოვნის საფუძველზე, ელექტროენერგია რეგიონებში 3,95 თეთრით გაძვირდა. უფრო ადრე, თებერვალში, ტარიფის გაზრდა გაზგამანაწილებელმა კომპანიებმაც მოითხოვეს, თუმცა ხელისუფლების ჩარევითა და ბიუჯეტიდან 16-17-მილიონიანი სუბსიდიის გამოყოფის შემდეგ, გაძვირება 2016 წლის 1-ელ მარტამდე გადაიდო. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ლარის გაუფასურების ფონზე, გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა ტარიფის ზრდა კვლავ მოითხოვონ.
რეზო არველაძე, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი: “დღეს რაც ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება, ენერგეტიკისთვის ფორსმაჟორული ვითარება და დაუძლეველი გარემოებაა, უნდა გამოინახოს საშუალება, რომ კომპანია არ გაკოტრდეს. ერთადერთი გამოსავალი გაზრდილ ხარჯებთან შესაბამისობაში ტარიფის მოყვანაა. “თელასი” ელექტროენერგიას ყიდულობს, მათ შორის, თბოელექტროსადგურებისგან, რომლებიც გაზს დოლარით ყიდულობენ და 1000 კუბმ 143 დოლარი უჯდებოდათ. მაგრამ კურსი 1,75 ლარი იყო, ახლა კი, სულ მცირე, 2,30-ია და ბევრად მეტი ლარია საჭირო იმავე მოცულობის გაზის დოლარით შესაძენად. ფაქტია, რომ თბოსადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია ძვირდება. “თელასმა” რომ შეისყიდა გაძვირებული ელექტროენერგია, თვითონაც უფრო ძვირად უნდა გაყიდოს. სხვა საკითხია, რამდენით უნდა გაიზარდოს სამომხმარებლო ტარიფი. ერთ-ერთი კომპონენტი, რაც მას 5,7-5,8 თეთრით აძვირებს, ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფია. არის სხვა კომპონენტებიც, რომლებმაც შესაძლოა გააძვირონ ან გააიაფონ სამომხმარებლო ტარიფი, მაგალითად, დანაკარგები ელექტროქსელში.
ნორმატიულ დანაკარგებად “თელასს” 12,4% ჰქონდა დამტკიცებული, ახლა კი მარეგულირებელ კომისიაში წარმოადგინა, რომ 5,4%-იანი დანაკარგები აქვს, ანუ წინანდელზე 7%-ით ნაკლები. ელექტროენერგიაც ამ 7%-ის შესაბამისად უნდა გაიაფდეს. დღეს დანაკარგების 7%-იანი შემცირება დაახლოებით 0,5 თეთრია. შესაბამისად, ტარიფის 5,7-5,8 თეთრით ზრდა დაიკლებს 5,2-5,3 თეთრამდე. სავარაუდოდ, სამომხმარებლო ტარიფი თბილისელებისთვის 4-5 თეთრით მოიმატებს. რეალურია ისიც, რომ ნებისმიერმა კომპანიამ, მათ შორის გაზგამანაწილებელმაც, ტარიფის მომატება მოითხოვოს. ამ ვითარებაში ყველაზე სწორი იქნება, მოსახლეობისთვის მიწოდებული ელექტროენერგია დღგ-ის გადასახადისგან გათავისუფლდეს. ცხადია, ეს არ აწყობს ფინანსთა სამინისტროს, რადგან ბიუჯეტს შემოსავალი დააკლდება, თუმცა ის წელიწადში სულ 60 მილიონ ლარამდეა. დღგ-ისგან გათავისუფლება სამომხმარებლო ტარიფს 2-3 თეთრით გააიაფებდა. მოსახლეობაც ფულს დაზოგავს, რომელიც ეკონომიკაში ჩაბრუნდება”.
bpn.ge