მტკვრის წყალს ირანულ გაზზე გავცვლით?

მტკვრის წყალს ირანულ გაზზე გავცვლით?

“საქართველოდან, შესაძლოა, ირანში მილებით წყლის გატანა დაიწყონ: ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოდან და სომხეთიდან (სევანის ტბა) მიღებული წყლით გეგმავს. თეირანში ამბობენ, რომ მხარეებთან შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია. სომხურ მედიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ ირანელების იდეაა და ჯერჯერობით რამე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, – წერს გაზეთი ალია

“საქართველოდან ირანში სასმელი წლის შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა პროექტის განხორციელება დღემდე არ მომხდარა. ერთ-ერთი ვარიანტით, საქართველოდან ირანში წყალი, იქიდან კი ჩვენთან გაზის იმპორტი განხორციელდებოდა. აღნიშნულ საკითხზე ორიოდე კვირის წინ ირანში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრეს და მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. როგორც ირანის შრომის მინისტრმა გნაცხადა, ირანული გაზის საქართველოს გავლით ტრანზიტი საშუალებას აძლევს მათ, რეგიონის ქვეყნები მოამარაგონ. ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის დროს ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობა და ენერგეტიკული სექტორი წარმოადგენდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად 200 მლნ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ურმიის ტბას, როგორც ირანელმა პარლამენტარმა ალილ ალილუმ პრესასთან განაცხადა, მხარეებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია”, – აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც აზერბაიჯანული გამოცემა “ექო” იუწყება, ქართველმა დეპუტატებმა, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით ირანში იყვნენ, ინფორმაცია მტკვრის წყლის შესყიდვის თაობაზე დაადასტურეს. მათ განაცხადეს, რომ ირან-საქართველოს ვაჭრობის დონე 10-ჯერ უნდა გაიზარდოს და ერთ-ერთი მთავარი საქონელი სწორედ წყალი იქნება. აზერბაიჯანელები ძალიან გამწარებულები არიან და საქართველოს არამეგობრულ ქცევაში ადანაშაულებენ, რადგან მტკვარი მათი ძირითადი არტერიაა, რომელსაც სასმელადაც იყენებენ და სარწყავადაც და მტკვრის დებეტის შემცირება მათ პრობლემებს შეუქმნის. რამდენად მომგებიანი იქნება საქართველოსთვის ირანისთვის გაზის სანაცვლოდ წყლის მიწოდება და რა საფრთხეებს შეიცავს ეს პროექტი, ამ კითხვებს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე პასუხობს”, – დასძენს გამოცემა.

“ურმიის ტბის გადასარჩენად რომ სჭირდება ირანს წყალი, ახალი ამბავი არ არის. არც ისაა სიახლე, რომ ჩვენი მეზობლები ჩვენგან მილებით აპირებენ წყლის გატანას. თურქეთს ჰიდროელექტროსადგურის შესავსებად სჭირდებოდა ჩვენი მდინარეების წყალი. მარტო მტკვრის წყალზე არ არის ლაპარაკი. ირანს ადრე უნდოდა ალაზნის აუზიდან წყლით ასევე მილებით გატანა, რაც შეუძლებელია, რადგან ალაზანი თვითონ არის ძალიან დაკლებული და ეს გამოიწვევს სოფლის მეურნეობის პროდუქციის დეფიციტს კახეთში. ძალიან კარგად მესმის სახელმწიფოს ინტერესები და ენერგეტიკის როლო ქვეყნის განვითარების საქმეში, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის ნამდვილად წამგებიანია ნებისმიერი მდინარიდან ირანისთვის წლის მილებით მიწოდება. აღმოსავლეთ საქართველოში წყლის დეფიციტია როგორ შეიძლება ამ დროს ჩვენ მოვიკლოთ და სხვას მივცეთ წყალი? იგივეს ვიტყვი მტკვართან დაკავშირებითაც”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო ჩხობაძე და შეკითხვას – “თუ მტკვრის წყალი მივაწოდეთ ირანს, რა საფრთხე გველოდება?” – პასუხობს:

“ეს მტკვრის დონეს დასწევს და ქვემო ქართლის რაიონებს მოაკლდება სარწყავი წყალი. ამ რეგიონში წყლის დეფიციტი ურწყავი სავარგულების რაოდენობას გაზრდის, ეს კი თავისთავად ნიშნავს მოსავლიანობის შემცირებას, შესაბამისად, ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების აწევას. ყველაფერი გაძვირდება, რაც ქვემო ქართლში მოდის. წლევანდელმა ზაფხულმა აჩვენა, რომ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებშიც იკლო წყალმა და მთლიანად საქართველოში არა მხოლოდ სარწყავი, სასმელი წყლის დეფიციტიც გვაქვს. ზოგან კატასტროფული სიტუაციაა, სადაც წყაროებია, იქ არ არის წყალმომარაგების სისტემა. საქართველო აღარ არის ისეთი წყალუხვი ქვეყანა, როგორც ადრე იყო. გეოგრაფიის ინსტიტუტის დასკვნაც ამას მოწმობს – ჩვენ ვდგავართ გლობალური კატასტროფის წინაშე, საქართველოში იკლებს მტკნარი წლის მარაგი. ქვეყანას სასმელი წყალი თავად არ ჰყოფნის, სოფლებსა და დაბებს თავი დავანებოთ, ყველა ქალაქშიც არ არის მოსახლეობა სასმელი წყლით უზრუნველყოფილი. კი ბატონო, ჩამოსხმით გაყიდვა შესაძლებელია – ეს გააკეთონ და მილებით წყლის გაყიდვაზე ფიქრს თავი დაანებონ!”

ipn.ge

Leave a Reply