2020 წლის 11 თვეში საქართველოში განახლებადი ენერგიის გენერაცია 7%-ით შემცირდა. ეს კლება IDFI-ის თანახმად, ცუდი წყალმოდინებით, ასევე ადგილობრივი და საექსპორტო მოთხოვნის სიმცირით იყო განპირობებული. ამასთან, შემცირება განაგრძო ენგურჰესის მიერ გენერირებულმა ელექტროენერგიამ და მან წლევანდელი გამომუშავების 25% შეადგინა. 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
“ჯამურად მარეგულირებელი ჰესების გენერაციამ 3.8 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში და 18%-ით შემცირდა, წინა წელთან შედარებით. სეზონური, წყალმოდინებაზე დამოკიდებული ჰესების გენერაცია მკვეთრ ზრდას აჩვენებს, შუახევი ჰესის ხარჯზე. აღნიშნული ჰესების ჯამურმა გენერაციამ 3.4ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში, რაც +8%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად. აღნიშნული ძირითადად შუახევის ჰიდროელექტროსადგურის ამუშავებიდან გამომდინარეობს. მცირე ზომის ჰესების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა გენერაცია იკლებს. ოთხ ახალ სიმძლავრის ჰესთან ერთად 71 მცირე ზომის ჰესის ჯამურმა გენერაციამ 0.6 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში, რაც 3.3%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, მაგრამ მოსალოდნელია გაიზარდოს მომავალ წელს, ახალი ჰესების ხარჯზე და მიმდინარე პერიოდში აშენებული ჰესების სრული დატირთვით ამუშავების შემთხვევაში,”- ნათქვამია IDFI-ის მიმოხილვაში.
წელსვე რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელ. ენერგიის მოხმარება (2.2 ტვტ. სთ.). რაც რეგიონში კრიპტოვალუტების მოპოვების მზარდ დინამიკას უკავშირდება. რეგიონი ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს ენგურჰესიდან მიღებული უფასო ელექტროენერგიის სახით იღებს.
2021 წლის პირველ კვარტალში კი ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, აფხაზეთს სრულად რუსული დენის შესყიდვა მოუწევს.