რაჭა-ლეჩხუმში დაგეგმილი ჰესების წინააღმდეგ მოთხოვნებს 10 000-ზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს – სწორედ ამდენი ხელმომწერი შეუერთდა ჰესების წინააღმდეგ მიმართულ პეტიციას: “გადავარჩინოთ რიონი”, – ინფორმაციას პეტიციის ავტორები, რაჭაში ონის ჰესების კასკადისა და ლეჩხუში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგე ადგილობრივი მოსახლეობა და აქტივისტები ავრცელებენ.
ისინი გეგმავენ, აღნიშნული ხელმოწერები და მოთხოვნები წარუდგინონ პეტიციის ადრესატებს, რომლებიც არიან: საქართველოს მთავრობა, გარემოს დაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.
„ონის და ნამახვანის კასკადები საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას“ , – ნათქვამია პეტიციაში, რომელიც ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვს და დეტალურად მიმოიხილავს როგორც ნამახვანის, ისე ონის ჰესების კასკადის ზეგავლენასა თუ საფრთხეებს, მათ შორის, სეისმურ რისკებს, უარყოფით გავლენას ფლორასა და ფაუნაზე, ტვიშისა და ხვანჭკარის უნიკალურ მიკროზონებზე, რაჭაში ცნობილი უწერის მინერალურ წყლებზე და ა. შ.
„უღრმესი მადლობა გვინდა ვუთხრათ იმ ადამიანებს ვინც აქტიურად არის ამ პროცესებში ჩართული და ვინც მხარი დაგვიჭირა. 10 000 ხელმოწერა ერთ-ერთ ნაბიჯია გამარჯვებისკენ, თუმცა, საბოლოო გამარჯვება ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს და უნდა განვაგრძოთ ბრძოლა მათ, ვინც ვთვლით, რომ სახელმწიფოს ეს ენერგოპოლიტიკა არსწორია“, – განაცხადა პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა და ლეჩხუმის ადგილობრივმა მკვიდრმა, ვარლამ გოლეთიანმა.
„თუ იქნება ონის კასკადი – არ იქნება მდინარე, გაქრება უწერის თემი. თუ აშენდება ნამოხვანი – გაქრება ლეჩხუმი. ამიტომ – ბრძოლა გამარჯვებამდე“, – აღნიშნა პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა რაჭიდან, რატი მეტრეველმა.
ბოლო თვენახევრის განმავლობაში უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება ნამახვანჰესის წინააღმდგ – ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს ჰესის სამშენებლო ტერიტორია დატოვოს ნამახვანი ჰესის მშენებელმა კომპანიამ „ენკა რენიუებლსმა“.
მათი ცნობით, საპროტესტო აქცია იგეგმება 29 დეკემბერს 10:30-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოთანაც, სადაც ონის კასკადზე გაცემული გარმოსდაცვითი ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება გაიმართება.
წყარო: “პუბლიკა”