„ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვაა“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას ენერგეტიკის სექტორში დაწყებული და დაგეგმილი რეფორმების მიმდინარეობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, 2017 წელს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით დაწყებულ ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიან რეფორმას გააგრძელებს.  

„დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, ენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება ენერგიის გენერაციის, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მისი თქმით, სრული დატვირთვით ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას უზრუნველყოფს. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ 2021 წლიდან 2026 წლამდე ეტაპობრივად მოხდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გაყვანა მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით.

„ეს პროცესი შარშან დაიწყო და გაგრძელდება. პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით. ხელი შეეწყობა ენერგოეფექტურობის გაძლიერებას. 2020 წელს მიღებული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე დაიწყება ენერგოეფექტურობის და სტანდარტების დანერგვა არსებული საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა, პირველ რიგში, უსაფრთხო, შეუფერხებელი მიწოდების თვალსაზრისით.

„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ნეგატიური ფაქტორები მოსახლეობას და განსაკუთრებით, მის მოწყვლად ფენებზე ნეგატიურად არ აისახოს. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობა ახორციელებს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ამ მიმართულებით დამატებით ვგეგმავთ სოციალური დაცვის მექანიზმების ამოქმედებას“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

Leave a Reply