ენერგო სტარტაპი ორეგონში, აშშ, აპირებს შეცვალოს საზოგადოების აზრი ბირთვულ ენერგიაზე. მათ მიერ შემუშავებული NuScale რეაქტორი მცირე ზომისაა და მისი შემქმნელების აზრით, გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე ბირთვული რეაქტორი, რადგან უფრო ადვილია მისი დამცავ გარსში მოთავსება და გაკონტროლება საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.
ახალი რეაქტორის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დასახლებული პუნქტებიდან 15 კილომეტრით მოშორება არ არის საჭირო. ის შეიძლება განთავსდეს ქალაქის შუაგულშიც კი და მოამარაგოს ელექტროენერგიით დანაკარგების გარეშე, რასაც აქვს ადგილი მოშორებით განთავსებული სადგურების შემთხვევაში. ამასთან, ლანდშაფტებს მოშორდება ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც გარდა ვიზუალური დამახინჯებისა, საკმაოდ საშიშია ადამიანებისთვისაც.
დეველოპერების სიტყვებით, ეს არის სუფთა ენერგიის ახალი წყარო, რომელიც, ისევე ეფექტურია, როგორც ქარის ან მზის ენერგია.

NuScale რეაქტორში ბირთვი ცივდება ჩვეულებრივი სუფთა წყლის ცირკულაციით, როგორც ეს ხდება თანამედროვე მოქმედ ბირთვულ ელექტროსადგურებში, მაგრამ გაცილებით მცირე მასშტაბით და ძირითადად გრავიტაციის ძალის გამოყენებით. მცირე ზომის გამო, რეაქტორში ძალიან ცოტა რაოდენობის ბირთვული საწვავია, რომლის კონტროლიც მარტივია. NuScale– ის სიმძლავრე 60 მეგავატია საათში. აღნიშნული ასჯერ ნაკლებია ბირთვული ელექტროსადგურების სიმძლავრეზე, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია რეაქტორების რაოდენობის გაზრდა, რაც მოგვცემს ენერგიის საჭირო რაოდენობის გამომუშავების საშუალებას.
შესაბამისად, მომავალში, ასობით პოტენციურად საშიში ბირთვული ელექტროსადგურის ნაცვლად, შესაძლებელია არსებობდეს ათასი უსაფრთხო დანადგარი, რომლებიც ბევრად ნაკლებ ადგილს დაიკავებს და არ საჭიროებს რთულ ინფრასტრუქტურას.