აზერბაიჯანიდან საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტი შემცირდა. საქსტატის ცნობით, 0709 სასაქონლო ნიშნით მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირდა 4,164.57 ტონა 2,715.03 ათასი დოლარის ღირებულების ბიტუმოვანი მინერალებისაგან მიღებული ნედლი ნავთობი და ნედლი ნავთობპროდუქტები.
გასული წლის 10 თვეში კი ნედლი ნავთობის იმპორტის რაოდენობრივი მაჩვენებელი 8,843.05 ტონას გაუტოლდა, ფულად გამოსახულებაში კი 5,575.03 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის იმპორტის კლების მიზეზად მსოფლიოში ამ პროდუქტზე შემცირებული მოთხოვნა სახელდება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, შეზღუდვების პირობებში ქვეყნების მოთხოვნამ ნედლ ნავთობზე იკლო და პარალელურად შემცირდა ამ პროდუქტის იმპორტიც საქართველოშიც, რადგან საქართველოში ადგილობრივი მოხმარების მიზნით ნედლ ნავთობი ნაკლებად შემოდის.
“საქართველო ადგილობრივი მოხმარების მიზნით ნედლ ნავთობს ნაკლებად იყებნებს. ის ძირითადად რეექსპორტზე გადის, ანუ შემოდის აზერბაიჯანიდან და გადის ტრანზიტული მიმართულებით სხვბადასხვა ქვეყნებში. კლების მიზეზიც სწორედ ნედლ ნავთობზე შემცირებული მოთხოვნაა მსოფლიო ბაზარზე,” – გვითხრა ვანო მთვრალაშვილმა.
შეგახსენებთ, წელს საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან 194,0 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, რაც საწვავის მთლიანი იმპორტის 19,3%-ია. აზერბაიჯანს ბენზინისა და დიზელის იმპორტის სიდიდით მხოლოდ რუსეთი უსწრებს, საიდანაც 11 თვეში საქართველომ შეიძინა 308,4 ათასი ტონა საწვავი, რაც მთლიანი იმპორტის 30,7%-ია.
წყარო: ნეტგაზეთი