ბიტკოინებით – დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტით რომელსაც მსოფლიოში არცერთი კომპანია და არც ფინანსური ინსტიტუტი არ აკონტროლებს – სვანეთშიც დაინტერესდნენ. ის რომ მესტიასა და ლენტეხში კრიპტოვალუტის მაინერებია განთავსებული ადგილობრივებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ადგილობრივები ამბობენ რომ ბიტკოინების გამომუშავების მსურველი ბევრია როგორც ადგილობრივები ასევე ის პირები რომლებმაც სვანეთში ფართები სწორედ ბიტკოინების გამომუშავებისთვის დაიქირავა.
რატომ სვანეთი – მიზეზი მარტივია მაღალმთაში მოსახლეობისთვის ელექტრო ენერგია უკვე წლებია უფასოა. სწორედ ამ მოცემულობამ უბიძგა თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ახალი ბიზნესი სწორედ ამ კუთხეში წამოეწყოთ.
თუმცა ციფრული ვალუტის გამომუშავების სურვილმა ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა – ხშირია ძაბვის ვარდნისა და მოულოდნელი აწევის შემთხვევები, ხშირ შემტხვევაში კი ადგილობრივი მოსახლეობა საერთოდ ელექტროენერგიის გარეშე რცევა. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან.
არალეგალი მაინერები ადგილობრივი მოსახლეობის თავსატეხი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა. ელექტროენერგიის მზარდ მოხმარებას ძველი ელეტროგადამცემი სისტემა ვეღარ უძლებს და, ადგილობრივების თქმით, ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან – მეორე.
მოსახლეობამ დახმარება მთავრობას სთხოვა, ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას კი მხოლოდ გამრიცხველიანებაში ხედავს. სვანეთში ფიქრობენ, რომ ეს კუთხე მოსახლეობისგან სწორედ უფასო ელექტროენერგიის გამო არ დაიცალა და თუ ხელისუფლება ფულის გადახდას მოითხოვს, ამას, უბრალოდ, ვერ შეძლებენ, რაც მთის დაცარიელების შეუქცევად პროცესს გამოიწვევს.
ამ პრობლემის გამო სვანეთში აქციები ხშირად იმართება, მოსახელობა გზებსაც კი კეტავს თუმცა როგორც თვითონ ამბობენ ამ პროტესტს შედეგი არ ახლავს და მათი ცხოვრებაც ხშირად უშუქოდ გრძელდება.
ერთი წლის წინ „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასულ წელს მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 12 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ მათი ტექნიკური სამსახური ყოველ ჯერზე მიდის ადგილზე, და მუშაობს აღდგენაზე თუმცა ელექტორო გადამცემი ხაზები ჭარბ მოხმარებას ვერ უძლებს და ისევ წყდება ელქტროენერგიის მიწოდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია პრობლემის მოგვარების გზად მხოლოდ აღრიცხვიანობის მოწესრიგებაში ხედავს, ისინი მოუწოდეენ სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობას რომ დაემორჩილონ აღრიცხვის შესაბის წესებს და მათი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადაიხადონ რადგან ამის გარეშე მათთვის ელექტროენერგიის ცივილურად მიწოდება შეუძლებელი იქნება.
მაინერი ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც კომპიუტერული გამოთვლების მეშვეობით გამოიმუშავებს ელექტრონულ ფულს. მაინერებს მუშაობისთვის დიდი ოდენობით ელექტროენერგია და გრილი გარემო სჭირდება იმისთვის რომ არ გადახურდეს.
ერთი შეხედვით, მაინერების ქონა კანონით ქვეყანაში არ იკრძალება. თუმცა, იმის გამო რომ სვანეთში ელექტროენერგია უფასოა, მაინერებისთვის ენერგიის გამოყენება და ამით ფულის გამომუშავება სახელმწიფო რესურსის დატაცებას ნიშნავს. ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.
წყარო: “პალიტრანიუსი”