ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის ნავთობის სამინისტროს დაევალა, მომდევნო სამი თვის მანძილზე მზადყოფნაში იყოს ნავთობის სრული დატვირთვით მოპოვებისა და ექსპორტისთვის, თუ ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რომელმაც თავი აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა, ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები შემსუბუქდება ან მოიხსნება.
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა კვირას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ემზადება ნავთობის მოპოვების გაზრდისთვის, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA.
”ნავთობის სამინისტრო ყველა ნაბიჯს გადადგამს ნავთობპროდუქტების ინდუსტრიის ობიექტების მოსამზადებლად ინტენსიური წარმოებისა და რეალიზებისთვის მომდევნო სამი თვის განმავლობაში მოსალოდნელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად”, – აცხადებს სააგენტო როჰანის სიტყვებზე დაყრდნობით.
ირანს დღეში 2 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გაჰქონდა ექსპორტზე, სანამ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გააუქმა 2018 წელს დადებული ბირთვული შეთანხმება და სანქციები არ დააწესა ირანის წინააღმდეგ, რამაც ქვეყნის ეკონომიკას მტკივნეული დარტყმა მიაყენა, რადგან აღნიშნულის შედეგად მკვეთრად შემცირდა მისთვის მნიშვნელოვანი ნავთობის ექსპორტი.
ექსპერტების შეფასებით, ამჟამად ირანს ექსპორტზე გააქვს დღეში 300000 ბარელზე ნაკლები ნავთობი, მაშინ როდესაც 2018 წელს პიკურ პერიოდში ექსპორტმა დღეში 2.8 მილიონ ბარელსაც კი მიაღწია.
ბაიდენმა, რომელიც თანამდებობას სავარაუდოდ 2021 წლის 20 იანვარს დაიკავებს, განაცხადა, რომ იგი აღადგენს ირანთან შეთანხმებას და გააუქმებს სანქციებს, იმ შემთხვევაში თუ თეირანი მკაცრად დაიცავს აღნიშნული შეთანხმების პირობებს.