ქალაქ ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვება, მზის ელექტროსადგურები უკვე დაუმონტაჟდა ორ საჯარო სკოლას, რომელთაგან ერთ-ერთს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი ეწვივნენ.
„მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ასევე გულისხმობს ისეთი პროექტების განვითარებასაც, რომელიც ახალი განახლებადი ენერგიის წყაროებს, ამ შემთხვევაში მზის ენერგიას, ჩვენი განათლების სისტემის სასარგებლოდ ამუშავებს“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
13 სკოლაში დამონტაჟებული მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 333 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება კი ნახევარ მილიონ ევროს აღემატება. პროექტის 20% თანადამფინანსებელია სს ,, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი”.
მზის ელექტროსადგურების დამონტაჟების შემდეგ 13-ვე საჯარო სკოლა ჩაერთვება ნეტო-აღრიცხვის სისტემაში, რაც გამომუშავებული ჭარბი ენერგიის შემთხვევაში სკოლებს დამატებით შემოსავალს მოუტანს, ხოლო არსებულ მოხმარებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა უკეთ გაეცნონ განახლებადი რესურსების სპეციფიკას და მისი პირდაპირი დადებითი ეფექტი და სარგებელი შეაფასონ.