სემეკ-ის წევრი გოჩა შონია ფიქრობს, რომ “თელასის” სამომხმარებლო ტარიფი საბოლოო ვადამდე – 18 დეკემბრამდე გაცილებით ადრე იქნება მიღებული.
“თელასის ტარიფთან დაკავშირებით ბოლო ვადა 18 დეკემბრამდე გვაქვს. თუმცა, დიდი ალბათობით, მანამდე მომზადდება ეს საკითხი, გამოვა კომისიის სხდომაზე და შესაბამისად კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი არ იქნება. დეპარტამენტი სრული დატვირთვით მუშაობს და ვფიქრობ, რომ გაცილებით ადრე მოხდება გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე ეს არის 18 დეკემბერი”, – განაცხადა შონიამ.
რაც შეეხება დღევანდელი საჯარო განხილვის თემას, შონიას თქმით, შესყიდვის კომპონენტი არის მნიშვნელოვანი.
“ძირითადი კომპონენტი, რომლითაც ითხოვდა “თელასი” ტარიფის კორექტირებას, ეს იყო შესყიდვის კომპონენტის გაძვირება. ამიტომ მასზე ბევრწილადაა დამოკიდებული სამომხმარებლო ტარიფის საბოლოო განაკვეთი”, – განაცხადა შონიამ.
სემეკ-ში თელასის ტარიფთან დაკავშირებით, ცვლილებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 31 აგვისტო. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 18 დეკემბერი. საოპერაციო დანახარჯებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტებთან დაკავშირებით წინასწარი საჯარო განხილვა სემეკ-ში იმართება.
ipn.ge