მზის ელექტროსადგურების პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება. მზის მეშვეობით მიღებული ენერგია ეკოლოგიურად სუფთაა და სწორედ ამიტომ მეცნიერები და ტექნიკოსები ბევრს მუშაობენ მზის პანელების დასახვეწად და მათი მარგი ქმედების კოეფიციენტის გასაზრდელად.
მზის ელექტროსადგურების უარყოფითი თვისება არის ის, რომ მძლავრ სადგურებს საკმაოდ დიდი ტერიტორია სჭირდება, სწორედ, ამ მიზეზით განსაკუთრებით მცირე მიწიანი ქვეყნები დიდი მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე უარს ამბობენ ხოლმე.
რამოდენიმე წლის წინ ამ პრობლემატურმა საკითხმა ერთ ამერიკულ ოჯახს გაუჩინა იდეა, რომელიც გზებზე ასფალტის საფარის, მზის ელექტროპანელებით ჩანაცვლებას გულისხმობდა. გზის საფარი პატარა ფილებით უნდა დაგებულიყო, რომელიც გაუძლებდა დიდ დატვირთვას და გარემო პირობებს.
დღეს ასეთი ტიპის გზის საფარი უკვე რეალობაა და საცალო ქსელში მზის პანელებიანი ფილების ყიდვა უკვე შესაძლებელია, თუმცა ჯერჯერობით რაიმე მასშტაბური პროექტი არ განხორციელებულა.
ასეთი ტიპის ელექტროპანელებს გააჩნია, ასევე, ერთი უპირატესობა. ფილები შიგნიდან თბება და ზამთარში ყინულისა და თოვლის საფარის წარმოქმნას ხელს უშლის.
ფილების ფორმაში გათვალისწინებულია სახლის პირობებში მათი გამოყენება და მის შიგნით სპეციალური ადგილების მეშვეობით შესაძლებელია ყველანაირი კომუნიკაციის გატარება. (ტელეფონის ხაზები, ინტერნეტის კაბელები, სარწყავი სისტემები და ა.შ.)
გიორგი კაპანაძე