დენის ტარიფის გაზრდას უკვე თბოსადგურებიც ითხოვენ. სემეკს სექტემბრამდე აქვს ვადა და ზაფხულში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები გადაწყვეტილების მიღებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.
ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირების მიზნით, თბოელექტორსადგურებმა სემეკს უკვე მიმართეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომისიაში შემოსული წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე, შპს “მტკვარი ენერგეტიკასა” და შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის” ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირიების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
სემეკის ინფორმაციით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თაობაზე კომისიაში წარმოსადგენი მოსაზრებების ბოლო ვადად 2015 წლის 29 მაისი განისაზღვრა. კომისიმ დადგენილება 2015 წლის 10 სექტემბრამდე უნდა გამოსცეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ტარიფის კორექტირების თხოვნით აპრილში “ენერგო-პრო ჯორჯიამაც” მიმართა. ტარიფის საკითხი ამ შემთხვევაშიც 10 სექტემბრამდე უნდა გადაწყდეს. ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია “თელასს”.
ენეგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ტარიფის შეცვლასთან დაკავშირებით პროგნოზს აღარ აკეთებს. მისი თქმით, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სექტემბერში გახდება ცნობილი. თუ ტარიფის მომატებაზე იქნება საუბარი, მთავრობამ უნდა იმსჯელოს მოხდება თუ არა სუბსიდირება იმ შემთხვევაში თუკი მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფი მოიმატებს.
“კომპანიებმა შეიტანეს განაცხადი მარეგულირებელ კომისიაში. სემეკი არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო და ის ვალდებულია დათვალოს, შეუქმნა თუ არა რაიმე პრობლემა ლარის დევალვაციამ კომპანიებს. შესაბამისად, მას 10 სექტემბრამდე აქვს ვადა მოახდინოს ტარიფის გადათვლა. თუ იქნება ტარიფის მომატებაზე საუბარი, ეს ყველასთვის ცნობილი გახდება. მთავრობამ შემდეგ უნდა იმსჯელოს, ისევ სუბსიდირებას მოახდენს თუ მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფი გაიზრდება”, – განახცადა კალაძემ.
თავად მინისტრი სუბსიდირების მომხრე არ არის. “მე ზოგადად სუბსიდირების მომხრე არ ვარ. ეს გარკვეულ ეტაპზე მიზანშეწონილი იყო, მაგრამ გრძელვადიანად ეს იქნება მძიმე ჩვენი ბიუჯეტისთვის და მძიმე კომპანიებისთვის”, – აღნიშნა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ ტარიფებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან კონფლიქტი არ ჰქონია. “არავისთან დაპირისპირება არ მაქვს. თუკი ვინმესთან მაქვს დაპირისპირება, ეს ხდება ღიად. მე ჩემი შეხედულებები მაქვს და ამაზე ღიად ვსაუბრობ”, – აღნიშნა კალაძემ.
საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, რეზო არველაძე არ გამორიცხავს, რომ სექტემბრამდე ლარის კურსი კიდევ შეიცვალოს და ტარიფის კორექტირების პროცესში მთავრობაც ჩაერიოს.
“მარეგულირებელ კომისიას 150-დღიანი ვადა აქვს მიცემული საკითხის განსახილველად. საბოლოო პასუხი სექტემბერში გვეცოდინება. ისიც არ არის გამორიცხული, რომ ლარის კურსი სექტემბრამდე კიდევ შეიცვალოს. ამიტომ ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ნოდარ ხადურიც ამბობს, რომ ლარი დასტაბილურდება, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ეს “სტაბილიზაცია” – ლარი გამყარდება და ძველ ნიშნულს მიუახლოვდება, თუ ახლანდელ დონეზე გაჩერდება?
აშკარაა, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ სხვაობის სუბსიდირება მთავრობამ იკისროს, რომ გაზრდილი გადასახადი მოსახლეობას უფრო მძიმე ტვირთად არ დააწვეს”, – აღნიშნავს რეზო არველაძე.
როგორც ცნობილია, თბოსადგურებისთვის ბუნებრივი აირის ექსკლუზიური მიმწოდებელი “სოკარია”, შესაბამისად ამ თბოსადგურების მიერ გენერირებული ენერგიეს ფასის ზრდა, სწორედ “სოკარის” სატარიფო პოლიტიკის შედეგია. გამომდინარე იქიდან, რომ “სოკარის” ხელმძღვანელობა ხშირად ბოროტად იყენებს მონოპოლიურ მდგომარეობას ბაზარზე, ნათელი ხდება, რომ ელექტროენერგიის ფასებთან დაკავშირებით არც თუ სახარბიელო მოლოდინები უნდა გვქონდეს.
მიხეილ ვადაჭკორია