პირველი ქარის ელექტროსადურის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და სავარაუდოდ მომავალ წელს დასრულდება. აღნიშნული სადგურის მშენებლობას სახელმწიფო, საკუთარი სახსრებით აპირებდა როგორც საპილოტე პროექტი, თუმცა “იბიარდის” ყველწლიურ ბიზნეს ფორუმზე ცნობილი გახდა, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი დააფინანსებს.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბეჟუაშვილმა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების აღმასრულებელმა დირექტორმა რიკარდო პულიტმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მმართველმა ცენტრალურ აზიასა და რუსეთში აიდა სიკდიკოვამ ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტზე თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის კონკრეტულ თანამშრომლობას ქარის ელექტროსადგურის “ქართლის” პროექტის დაფინანსების შესახებ.
როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი განიხილავს პროექტის 25 მილიონი დოლარით დაფინანსებას. სესხის მიზანია საქართველოში აშენდეს და ოპერირებდეს ქარის პირველი ელექტროსადგური. პროექტის საინვესტიციო ჯამური ღირებულება 35 მილიონი აშშ დოლარამდეა, დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება 87 მილიონი კვ.სთ.
როგორც ენერგეტიკის სამისიტროში აცხადებენ, EBRD-ს საქართველოს ეკონომიკაში ორ მილიარდ ექვსასი მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, სადაც 20% ენერგეტიკაზე მოდის. ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკმა 312 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია საქართველოს განახლებადი ენერგიების ათვისებისთვის განახორციელა. კიდევ 210 მილიონი დოლარის ინვესტიცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობასა და რეაბილიტაციაში ჩადო. ასევე ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მხრიდან არის მზაობა მომავალი თანამშრომლობის თაობაზე. EBRD-ის წარმომადგენლების განცხადებით საქართველოს ენერგოსექტორი ძალიან მიმზიდველია და ბანკი გააგრძელებს საქართველოს ენერგეტიკაში ფულის ჩადებას.