საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თბოსადგურების მოთხოვნა გენერაციის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით. ბუნებრივია აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა სამომხმარებლო ტარიფის ზრდაც და ტარიფი დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით 3,95 თეთრით დაკორექტირდა.
ტარიფების ზრდის ფონზე მთავრობამ სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. energynews-ი გთავაზობთ მთავრობის #381 დადგენილებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3 1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ადგენს:
მუხლი 1: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების დახმარების მიზნით, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000-ს (სოციალურად დაუცველი ოჯახები), გაიცეს სუბსიდია მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით, ტარიფის ზრდის შესაბამისი პერიოდისა და ტარიფის ზრდის შედეგად გამოწვეული დამატებითი თანხის (1კვტ/სთ-ზე 3.95064 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით) ოდენობის გათვალისწინებით.
მუხლი 2: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3 1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის სუბსიდირების მიზნით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტზე არ წარმოადგენს ხსენებული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს სააგენტოსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
მუხლი 3: ამ დადგენილებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემები ურთიერთშეთანხმებული ფორმატით მიეწოდება შესაბამის ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტს, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს სუბსიდიის ოდენობის გაანგარიშებას და ასანაზღაურებელი თანხის (სუბსიდიის ოდენობის) თაობაზე სააგენტოსათვის მოთხოვნის გაგზავნას. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.
მუხლი 4: ამ დადგენილების შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდიით სარგებლობის წესი და პირობები დამატებით განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 5: ამ დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. მუხლი 6: დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
მუხლი 7: დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე