EBRD-ის პრეზიდენტის სუმა ჩაკრაბარტი აცხადებს, რომ საქართველო დალოცვილია წყლის რესურსებით და ამ რესურსებს სჭირდება როგორც ადგილზე მოვლა, ასევე მისი ექსპორტირება.
როგორც სუმა ჩაკრაბარტი აღნიშნავს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში ფართო საფუძვლიანი პროგრამები აქვს, განსაკუთრებით ბოლო წლებში.
“საქართველოში ჩვენ ფართო საფუძვლიანი პროგრამები გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი მაჩვენებლები დავინახეთ. ჩვენ დაახლოებით 30-მდე პროექტი გვაქვს, რომლებიც 5 მილიონ ევროზე მეტი ღირებულებისაა. ასევე დაგეგმილია საკმაოდ დიდი ზრდა. ყურადღების ცენტრში არის ენერგეტიკა, განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურები. საქართველო დალოცვილია წყლის რესურსებით და ამ რესურსებს სჭირდება როგორც ადგილზე მოვლა, ასევე მისი ექსპორტირება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ გავაგრძელებთ”, – განაცხადა ჩაკრაბარტიმ.
მისივე თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში EBRD ინფრასტრუქტურულ პროექტებს ავითარებს.
“ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ქვემო ქართლის პროექტზე და ამასთან განიხილება ძალიან საინტერესო ნავთობსადენის პროექტი. ეს მნიშვნელოვანი პროექტებია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი გარდამავალი ეკონომიკის პერიოდში მყოფი ქვეყნისთვის. EBRD-ს შეუძლია მართლაც ძალიან სწრაფად მოახდინოს ზემოქმედება იმ ადამიანთა ცხოვრების დონეზე, განვითარებაზე, რომლებიც აქ არიან ჩართულები”, – განაცხადა ჩაკრაბარტიმ.