მსოფლიოში საფინანსო ბაზრებზე კვირის განმავლობაში განვითარებული დაღმავალი ტრენდის შემდეგ იაპონური იენა ქეყნიდან გამოსული უარყოფითი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე კიდევ უფრო დასუსტდა. როგორც ”ადმირალ მარკეტსიდან” გვაცნობეს, ირკვევა, რომ იაპონიის სავაჭრო ბალანსმა ყველასთვის მოულოდნელად, ნაცვლად წინასწარ პროგნოზირებული 5 მილიარდი იენის მატებისა, 69 მილიარდი იენას ოდენობით დეფიციტი აჩვენა. ამ ფონზე დოლარი გაძლიერდა და 124 ნიშნულზე დაფიქსირდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საინტერესოა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დოლარი – იენას წყვილს შორის გაცვლითი კურსის 120-დან 125-მდე მერყეობა. იენას დასუსტებაზე ქვეყნის მიერ არჩეული პოლიტიკის გარდა, რაც მის მიზანმიმართულ დასუსტებაში გამოიხატება, გავლენა მოახდინა საბერძნეთის კრიზისმა და ჩინეთის პრობლემებმაც.
რაც შეეხება ნავთობის ფასს, ”ადმირალ მარკეტსის” ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ის რამდენიმეკვირიანი ვარდნის შემდეგ გაიაფებას განაგრძობს. კვირის დასაწყისში ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება ბოლო 15 კვირის მინიმუმზე დაფიქსირდა და მისი ფასი 50 დოლარზე ჩამოვიდა, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი კი 56 დოლარი გახდა. ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის ინფორმაციით, შტატები ამ სიტუაციაში მოპოვების ტემპის შემცირებაზე არც კი ფიქრობს. მეტიც, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აქ მოპოვება 2.3 მილიონი ბარელით გაიზარდა.
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლების გარდა, ექსპერტების თქმით, ნავთობის ბაზარი ბოლო რამდენიმე კვირაა მკვეთრ რეაგირებას ახდენს ირანის დაბრუნების პერსპექტივებზე. სამომავლოდ ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსები მის გაიაფებას 40 დოლარამდე და ამ ფასის შენარჩუნებას პროგნოზირებენ. რაც შეეხება საქართველოს, ეკონომისტების განმარტებით, მსოფლიო ტენდენციები უახლოეს პერიოდში ადგილობრივ ბაზარზეც უნდა აისახოს.
fortuna.ge