ტარიფების ზრდა დიდი ჰესების მშნებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეების ბრალია

რა პრობლემები გააჩნია დღეისათვის ბიზნესს, რა საკითხში სჭირდება ხელისუფლებისგან დახმარება, როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და რა არის გასაუმჯობესებელი საგადასახადო ბაზაში, რატომ არ უნდა მოხდეს არაალკოჰოლური სასმელების მარკირება და როგორ იმოქმედებს ტარიფების ზრდა ბიზნესზე, ამ და სხვა საინტერესო თემებზე ბიზნესმენი თემურ ჭყონიამ ისაუბრა.

გთავაზობთ ერთ-ერთ მონაკვეთს ინტერვიუდან, სადაც თემურ ჭყონია ტარიფების ზრდაზე საუბრობს.

ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონებში გაზარდა. ტარიფის ზრდის თაობაზე სემეკს ,,თელასმაც” მიმართა და მოსალოდნელია დედაქალაქშიც ფასების ზრდა, თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს პროცესები ბიზნესზე?

რაც არ უნდა მტკივნეული იყოს თქვენი მკითხველისთვის ამის გაგება, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის მოსახლეობის ბრალი. როდესაც საუბარია ქვეყანაში რამდენიმე დიდი ჰესის მშენებლობაზე, არსებობს ამ საკითხზე სპეციალისტების სათანადო დასკვნები, ხალხი მაინც გამოდის ჰესების წინააღმდეგ და საუბრობენ ბუნების დაცვის შესახებ.

სხვათაშორის, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერი ამის ხარჯზე ცდილობენ დიდი თანხა მიიღონ და თანაც, რამდენიც არ უნდა გადაუხადონ, მაინც არ ჰყოფნით. თუ ჩვენ არ ავაშენეთ ჰესები და არ გამოვიყენეთ ის ბუნებრივი რესურსები, რაც გაგვაჩნია, ის ელექტროენერგია, რომელიც დღეს ღირს 17 თეთრი, ხვალ შეიძლება 50 თეთრი გახდეს. თუ ჩვენ გვინდა იაფი და საკმარისი ელექტროენერგია, არ უნდა შევუშალოთ სპეციალისტებს ხელი, რომ აშენდეს ,,ხუდონჰესი’’ ,,ნენსკრა” და სხვა ჰესები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის განწყობის მიუხედავად, მაინც უნდა ააშენოს ეს ჰესები. თუ საჭირო გახდა ჯარიც კი უნდა ჩააყენოს და შესაბამისი გადაწყვეტილება განახორციელოს. მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს თავის დროზე მთელი მოსახლეობა აუმხედრდა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, თუმცა მან დაიჭირა პრინციპული პოზიცია და განახორციელა რეფორმები. დღესდღეობით იგი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რეფორმატორად ითვლება, რომელმაც ქვეყანაც გამარჯვებამდე მიიყვანა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” #417-ე ნომერში

Leave a Reply