სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხდება
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - მარიამ ვალიშვილი

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხდება

აგვისტოში მილსადენებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხდება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, აგვისტოში ორ მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართველოში გაზის მიწოდება შეფერხდება.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა აღნიშნა, მილსადენების რეაბილიტაცია ერთდროულად არ იგეგმება, ეს არის გეგმური სამუშაოები, რომელის მრავალი წელია, ჩვეულებრივად ხორციელდება.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აგვისტოს თვე იმიტომ შეირჩა, რომ ამ დროს ბაზარზე ბუნებრივ აირზე დიდი მოთხოვნა არ არის.

“აგვისტო არის ნაკლებად მოხმარების, ბაზარზე არ არის ისეთი დიდი მოთხოვნა და შესაბამისად, გადანაწილება ხდება იმ სამი მილსადენის მეშვეობით, რომლითაც ვსარგებლობთ საქართველოში. “შაჰ-დენიზის” სარეაბილიტაციო სამუშაოები 1-დან 20 აგვისტომდე გასტანს და მის ფუნქციას ”ყაზახის” ძველი მილსადენი იტვირთებს, რომელიც აზერბაიჯანიდან მოდის. შემდეგ, როდესაც ”ყაზახის” რემონტი დაიწყება, “შაჰ-დენიზი” ირთვება, ერთმანეთს ენაცვლებიან. მილსადენი იცლება რამდენიმე დღის განმავლობაში და ივსება რამდენიმე დღის განმავლობაში, რასაც 2-3 დღე სჭირდება. თეორიულად ვამბობ – თუ რაღაც თანხვედრა მოხდა, დღის პიკის დაკმაყოფილებაში პრობლემა მაინც არ იქნება, რადგან ჩვენ მე-3 მილსადენი გვაქვს რუსეთიდან და ბუნებრივია, იქედან მოხდება შევსება”, – განაცხადა ვალიშვილმა.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ კომბინაციით ყველას – გაზაგასამართი სადგურების, კომერციული ობიექტების, მოსახლეობის მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული.

“ეს ასე ხდებოდა წლების მანძილზე და შესაბამისად, არც ახლა არის გამონაკლისი”, – აღნიშნა ვალიშვილმა.

ინტერპრესნიუსი

Leave a Reply