ელექტროენერგიის ტარიფი სავარაუდოდ თბილისშიც მოიმატებს
ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე პრემიერი - კახა კალაძე

ელექტროენერგიის ტარიფი სავარაუდოდ თბილისშიც მოიმატებს

“ენერგოპრო ჯორჯიას” შემდეგ ტარიფის კორექტირების მოთხოვნით მარეგულირებელ კომისიას სს “თელასმაც” მიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
“კომპანია ტარიფის დადგენას ითხოვს და სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს. კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის” საფუძველზე კომისია სამი სამუსაო დღის ვადაში შეისწავლის სს “თელასის” მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადს. იმ შემთხვევაში, თუ სატარიფო განაცხადი სრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია დაიწყებს საკითხზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას და კომისიის ვებ გვერდზე გამოაქვეყნებს საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას”, – ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

ამ საკითხს გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი ვიცი პრემიერი კახა კალაძეც, მისი განცხადებით ალბათობა იმისა, რომ ტარიფი თელასისთვისაც გაიზრდება საკმაოდ დიდია.

“მარეგულირებელი კომისია დაითვლის ანალოგიურად “თელასის” ტარიფებსაც, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ანალოგიურად მოხდება გაზრდა, რადგან შესასყიდი ელექტროენერგია ყველასთვის ერთია. აქ საუბარი არ არის საქართველოში გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ეს არის ძირითადად ის ელექტროენერგია, რომელიც შემოდის უცხოეთიდან. ჩვენ ამიტომ ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში შევძლოთ იმ წყლის რესურსების ათვისება, იმ ქარის სადგურების პროექტების განხორციელება, ჰიდროელექტროსადგურების აშენება, რომ არ ვიყოთ ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე და გვქონდეს საკუთარი ელექტროენერგია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Leave a Reply