ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამომხმარებლო ტარიფი 3.348 თეთრით გაიზრდება, დღგ-ს გარეშე.
როგორც სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა, ახალი სამომხმარებლო ტარიფი 101 კილოვატის ჩათვლით არის 10.968 თეთრი, 101-301 კილოვატის ჩათვლით 14.348 თეთრი და 301 კილოვატს ზემოთ 18.178 თეთრი. აღნიშნული ტარიფები არის დღგ-ს გათვალისწინების გარეშე.
ანალიტიკოსების შეფასებით რეგიონებისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო იქიდან გამომდიდარე, რომ ლარის დეველვაციის გამო ელ.ენერგიის გენერაციის ტარიფი გაეზარდათ თბოსადგურებს. ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ თბოსადგურებისთვის გენერაციის ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო.
“სემეკმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ტარიფი ნაწილობრივ დაკორექტირდა, ვფიქრობ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკის მხრიდან სრულიად ადეკვატურია, გამომდინარე იქედან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თბოსადგურებს მუშაობის შეწყვეტა მოუწევდათ, რაც თავის მხრივ ენერგეტიკული სისტემების მდგრადობას და საიმედოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ასევე ეჭვქვეშ დადგებოდა თბოსადგურების მფლობელი კომპანიების არსებობის საკითხი გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიები პრაქტიკულად ვეღარ განახორციელებდნენ ელ.ენერგიის გენერაციას და სისტემაში მიწოდებას“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 1 აგვისტოდან ამოქმედდება. კომისიამ ახალი ტარიფი 5 თვის ვადით, დეკემბრის ჩათვლით დაადგინა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი იმსჯელებს მიზნობრივი სუფსიდირების შესახებ.