საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ენერგოინფრასტრუქტურის განვითარება. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ენერგორესურსებისა და მათი მომწოდებლების შემდგომ დივერსიფიკაციას და საერთაშორისო და რეგიონულ ენერგოპროექტებში მონაწილეობის გაფართოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის ფარგლებში ახალი პროექტების განხორციელებას, მათ შორის, იმ პროექტებისას, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ევროპისათვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან საქართველოს გავლით მიწოდება.
საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნების ნაწილია. იგი აცნობიერებს იმ როლს, რომელიც ენიჭება ქვეყანას კასპიის ზღვისა და შუა აზიის რეგიონებიდან დანარჩენი მსოფლიოსთვის ენერგორესურსების ალტერნატიული გზებით მიწოდების პროცესში. საქართველოს შავი ზღვის პორტები, ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები, ასევე ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი უკვე მოქმედი, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტებია. საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია, უზრუნველყოს მათი ეფექტიანი ფუნქციონირება და პერსპექტიული პროექტების განვითარება.
ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ენერგოინფრასტრუქტურის განვითარება და ჰიდრორესურსების უფრო ეფექტიანი ათვისება, ასევე სუფთა ენერგიის სხვა წყაროების პოტენციალის შესწავლა. საქართველო აქტიურად აგრძელებს უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების კუთხით.
ელექტროენერგიის გადამცემი ახალი ხაზებისა და ელექტროსადგურების მშენებლობა და ძველი ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია უზრუნველყოფს იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას საკუთარი ჰიდრორესურსების ათვისების ხარჯზე და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას. საქართველოს მიზანია, გახდეს ელექტროენერგიის მსხვილი რეგიონული ექსპორტიორი, რისთვისაც, ენერგიის გამომუშავების ზრდის გარდა, აუცილებელია ქვეყნების დამაკავშირებელი ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობაც.
წყარო: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია