ახალი ჰიდროელექტროსადგურ ”საგურამოჰესის” მშენებლობა დასრულდა. როგორც ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” იუწყება, ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავიდა.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ”საგურამოჰესის” სამანქანო დარბაზი მოწყობილია. ასევე, ევროპული წარმოების ტურბინა-გენერატორები და ტრანსფორმატორები დამონტაჟებულია. დასრულების ეტაპზეა ჰიდროელექტროსადგურის მართვის პანელების სამონტაჟო სამუშაოები.
კომპნიია განმარტებით, ”საგურამოჰესის” მშენებლობის მიზანია კომპანიის ენერგოეფექტურობის და დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგების გაუმჯობესება.
მათივე ცნობით, უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიით ”საგურამოჰესის” მშენებლობისთვის კომპანია 10,5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. პროექტში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.
”საგურამოჰესის” ამოქმედება და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩართვა დაგეგმილია ოქტომბრის თვის დასაწყისში, რაც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებისა და სატუმბე სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს. ასეთი ტიპის მცირე, „მწვანე“ ანუ ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – აცხადებენ კომპანიაში.
წყარო: ინტერპრესნიუსი