საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა კომპანია „ფერისთან“ „ონის ჰესების კასკადის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. ასევე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „მტკვარი ჰესის“ პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ; თავის მხრივ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და კომპანია „ფერიმ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს ონის ჰესების კასკადის პროექტის ერთობლივ განხორციელებასა და „მტკვარი ჰესის“ პროექტის ფარგლებში გვირაბის მშენებლობის თაობაზე.
ორივე ჰესის საერთო ჯამური საინვესტიციო მოცულობა 443 მილიონი ამერიკული დოლარია, საერტო ჯამური დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ ხოლო ორივე ჰესზე წლიური ელ.ენერგიის გამომუშავება 1,044 მილიონი კვტ/სთ
„დღეს საქართველოს ენერგოსექტორისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს „ონის ჰესების კასკადის“ და „მტკვარი ჰესის“ პროექტებთან დაკავშირებით. „ონის ჰესების კასკადი“ ფონდისთვის მორიგი ინვესტიციაა ენერგეტიკის მიმართულებით. ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დადებითი ფაქტორით იყო განპირობებული. მათ შორის, საქართველოს სწრაფად მზარდი ელექტროენერგიის მოხმარების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მსგავსი პროექტების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ პროექტის შეცვლილი დიზაინი მინიმალურ გავლენას მოახდენს რეგიონის ბუნებაზე. ინვესტიციის შედეგად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და ყოველწლიურად ადგილობრივ ბიუჯეტში შევა მილიონობით ლარი. პროექტზე თანამშრომლობა შემოთავაზებულ იქნა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართული სამშენებლო კომპანიის, შპს „ფერის“ მიერ, რომელსაც განხორციელებული აქვს მრავალი წარმატებული პროექტი. მათ მოახერხეს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების კომპანიის შექმნა და პროექტში მსოფლიოში წამყვანი ამერიკული კომპანიის, „რობინსის“ (Robbins Company) ჩართვა, რომელიც აწარმოებს მანქანა-დანადგარებს კომპლექსური მიწისქვეშა სამშენებლო სამუშაოებისთვის. კომპანია „რობინსი“ პროექტში არამარტო სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლად, არამედ პროექტის ინვესტორადაც გვევლინება. ეს ის შემთხვევაა, როცა პროექტის მაღალი ხარისხით და წარმატებით განხორციელება გარანტირებულია. რაც შეეხება „მტკვარი ჰესის“ პროექტს, განახლდა მთავრობასთან არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმი რაც მშენებლობის აქტიურ ფაზაზე გადასვლის წინაპირობაა. ორივე პროექტი ჯამში $443 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელებას და დამატებით 230 მგვტ. დადგმული სიმძლავრის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტები საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.“-განაცხადა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა