ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის
ვიცე პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე

ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის

16 ივლისს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა კომპანია „ფერისთან“ „ონის ჰესების კასკადის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. ასევე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს  „მტკვარი ჰესის“ პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ; თავის მხრივ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და კომპანია „ფერიმ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს ონის ჰესების კასკადის პროექტის ერთობლივ განხორციელებასა და „მტკვარი ჰესის“ პროექტის ფარგლებში გვირაბის მშენებლობის თაობაზე.

ორივე ჰესის საერთო ჯამური საინვესტიციო მოცულობა 443 მილიონი ამერიკული დოლარია, საერტო ჯამური დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ ხოლო ორივე ჰესზე წლიური ელ.ენერგიის გამომუშავება 1,044 მილიონი კვტ/სთ

მემორანდუმებზე ხელმოწერის შემდეგ ვიცე პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტრო და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უკეთესი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად

„მსურს კიდევ ერთხელ გავაჟღერო ჩვენი გუნდის, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი – პრიორიტეტული სწრაფვა, რომ საქართველოში ბიზნესი გახდეს  მაქსიმალურად თავისუფალი, მოტივირებული და მონაწილე ქვეყნის გაძლიერებაში. წარმატებული ბიზნეს პროექტები, პროგრესის და საერთო დოვლათის შექმნის საწინდარია. ქვეყნის წინსვლა დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობასა და უცხოური ინვესტიციების ზრდაზე სხვადასხვა სექტორში. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს  დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და დასაქმებას. მოგეხსენებათ, საქართველო მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსებით. მათი გამოყენების პერსპექტივა კი ეკონომიკურად გამართლებული, მიზანშეწონილი და რეალურია. საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მაღალი გამომუშავების პოტენციალი და რეგიონში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა ენერგო სექტორს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველს ხდის ინვესტორებისათვის. ქვეყნაში დაგეგმილია  ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური ათვისება, ამიტომ სამინისტრო აქტიურად ახორციელებს  ინვესტიციების მოზიდვას. დღევანდელი დღე ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთი მაგალითია!“ – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ

Leave a Reply