16 ივლისს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა კომპანია „ფერისთან“ „ონის ჰესების კასკადის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. ასევე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „მტკვარი ჰესის“ პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ; თავის მხრივ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და კომპანია „ფერიმ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს ონის ჰესების კასკადის პროექტის ერთობლივ განხორციელებასა და „მტკვარი ჰესის“ პროექტის ფარგლებში გვირაბის მშენებლობის თაობაზე.
„მტკვარი ჰესის“ პროექტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $113 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება. ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 255 მლნ კვტ.სთ. „მტკვარი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლა 3 წელიწადში იგეგმება. პროექტში ინვესტიციას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს.