ომანის სახელმწიფო ნავთობკომპანია და მზის ენერგიის ამერიკული კომპანია GlassPoint მსოფლიოში უდიდეს მზის ენერგიის პროექტს Miraah-ს იწყებენ. მსოფლიოში უდიდესი სადგურის აშენებაში 600 მილიონი დოლარი დაიხარჯება და უდაბნოს 750 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. სადგურის სიმძლავრე 1000 მგვტ იქნება. შედარებისთვის, კალიფორნიაში არსებული მზის ენერგიის პირველი სადგური 550 მგვტ-ის სიმძლავრისაა.
საინტერესოა, რატომ დაინტერესდა ახლო აღმოსავლეთის ნავთობ გიგანტი მზის ენერგიით? – სამწლიანი მოკვლევის შემდეგ Petroleum Development Oman (PDO) დაადგინა, რომ მზის ენერგიის დახმარებით გაცილებით ეკონომიურია ნავთობის მოპოვება და წარმოება, ვიდრე, მაგალითად, გაზი. ცნობისთვის, კომპანია დღეში 125 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს.
Miraah-ის პროექტი 6000 ტონა ორთქლს გამოიმუშავებს დღეში, რაც სავსებით საკმარისია 35 000 ბარელი ნავთობის მისაღებად. საბოლოოდ, წელიწადში, მზის კოლექტორები 5.6 ტრილიონ BTU ბუნებრივ გაზს ჩაანაცვლებს, რაც, ასევე, საკმარისი იქნება 200 000 ომანელის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად.
PDO მზის ორთქლის სისტემას ბოლო ხუთი წელია ტესტავს. GlassPoint-მა საპილოტე ქარხანა 2012 წელს ააშენა. თუმცა GlassPoint-მა ჯერ კიდევ 2010 წელს ააშენა საცდელი ქარხანა Berry Petroleum-სთვის. პროექტი Miraah მისი სიმარტივითა და საიმედოობით გამოირჩევა, ამასთან, ცნობილია ისიც, რომ პროექტის მასშტაბი საკმარისი იქნება ნატურალური გაზის ჩასანაცვლებლად, რაც წელიწადში ნახშირორჟანგის ემისიას 300 000 ტონით შეამცირებს. ეს იგივეა, რომ ერთდროულად, დაახლოებით, 60 000-ით ნაკლები მანქანა მოძრაობდეს გზებზე.
პროექტი 2017 წელს დასრულდება. GlassPoint-მა მოლაპარაკებები მსგავს პროექტზე კუვეიტის და საუდის არაბეთის კომპანიებთანაც აწარმოა. სავარაუდოდ ომანის შემდეგ, სწორედ, ეს ქვეყნები დაინტერესდებიან მზის ენერგიით.
zeti.ge