მოსახლეობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარების წესებს კიდევ ერთხელ განმარტავს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გაუმართავი გაზის ხელსაწყოებისა და არასტანდარტული საკვამლე და სავენტილაციო არხების ხმარებისას შესაძლებელია სათავსოში მომწამლავი გაზის, CO-ს გამოყოფა.
“იგი უფერო, უსუნო, უგემო, ძლიერ მომწამლავია. გარემოში CO-ს 0.5% შემცველობა 20-30 წთ-ში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1% შესუნთქვისას 1-2 წთ-ში იწვევს სიკვდილს. ხოლო სათავსში გაზის 5-15% დაგროვებისას წარმოიქმნება ფეთქებადსაშიში.
– უსაფრთხოების პირობების დაუცველობა დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ გაზის დანადგარების მომხმარებელს, ასევე მისი მეზობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ:
-ნუ მიანდობთ გაზის დანადგარების სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებას პირს, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია.
– სათავსი, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ვენტილაციით;
– საყოფაცხოვრებო გაზის ხელსაწყოებისათვის განკუთვნილი რეზინის ქსოვილიანი სახელოები უნდა იყოს მთლიანი, გადაბმის გარეშე, შეზღუდული ზომის, მოქმედი უსაფრთხოების წესების შესაბამისად.
– წყალგამაცხელებლის დადგმა დასაშვებია, როგორც წესი, არა უმეტეს 5 სართულიან სახლებში, ხოლო დახურულ კამერიანი გამათბობელი ხელსაწყოების დადგმისათვის სართულიანობა არ იზღუდება;
– გამათბობელი და წყალგამაცხებელი აპარატების დამონტაჟებამდე შეამოწმებინეთ სპეციალიზირებულ ორგანიზაციებს საკვამლე და სავენტილაციო არხების ვარგისიანობა, რაზედაც გაცემული უნდა იყოს დადგენილი ფორმის აქტი;
– დროულად წარუდგინეთ გაზის მეურნეობის ცენტრებს საკვამლე-სავენტილაციო არხების ვარგისიანობის აქტები, აგურის არხების შემთხვევაში – კვარტალში ერთხელ, აზბოცემენტის არხების შემთხვევაში – წელიწადში ერთხელ;
გამათბობლის ან წყალგამაცხელებლის ჩართვამდე შეამოწმეთ კვამლსადენში წევა;
– შენობაში გაზის სუნის შემჩნევისას შეწყვიტეთ გაზის მოხმარება, გადაკეტეთ გაზის ონკანები, გამოაღეთ კარ-ფანჯრები, გაანიავეთ სათავსო. არ იხმაროთ ღია ცეცხლი, ელექტროხელსაწყოები და არ ჩართოთ ან არ გამორთოთ შუქი. დარეკეთ შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საავარიო სამსახურში – ტელ. 114;
– გაზის მოწოდების შეწყვეტის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია შეამოწმოს გადაკეტილია თუ არა ონკანები: გაზის მრიცხველთან, გაზქურასთან, წყალგამაცხელებელთან და გამათბობელ ხელსაწყოებთან;
– გაზის ხელსაწყოებით სარგებლობის დროს ხშირად გაანიავეთ სათავსი;
– ნება მიეცით გაზის მეურნეობის მუშაკს, შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის შემდეგ, შემოვიდეს თქვენს ბინაში მრიცხველიდან ანათვლების აღების, გაზგაყვანილობების, გაზის ხელსაწყოების დათვალიერებისა და ტექნიკური მომსახურების ჩასატარებლად.
კატეგორიულად აკრძალულია!
– გაზზე მომუშავე ყველა სახეობის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი მოწყობილობათა მონტაჟი და ექსპლუატაცია, გარდა გაზქურის, რომელთა გამოყენებისას წვისათვის საჭირო ჰაერი აიღება სათავს იდან და წვის პროდუქტების გაწოვა არ ხდება კვამლსადენების მეშვეობით წვის პროდუქტები სათავსშივე რჩება, აგრეთვე რომელთაც არ გააჩნიათ საკვამლე-სავენტილაციო არხები;
– სავენტილიაციო არხების საკვამლე არხებად გამოყენება;
– არასტანდარტული და თვითნაკეთი გაზის ხელსაწყოებისა და სანთურების გამოყენება;
– გაზის ხელსაწყოებისა და გაზგაყვანილობის თვითნებური მონტაჟი, გადაადგილება, შეერთება, გაზგაყვანილობის შეცვლა, გაჯის, ცემენტის ხსნარის, შპალერის, ხის პანელის, კარადების, მეტლახის ფილების ქვეშ მოქცევა, სავენტილაციო ცხაურის დაფარვა. შეგახსენებთ, რომ შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი”-ში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ გაზიფიკაციის საკითხებზე ტელეფონით 240-40-04 და მიიღოთ ამომწურავი პასუხები;
– დასასვენებლად და დასაძინებლად იმ სათავსოების გამოყენება, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები, გარდა იმ ოთახებისა, რომელშიც შეიძლება დაყენებულ იქნას სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებული გამათბობელი ღუმელი;
– გაზის ხელსაწყოების ჩამკეტი მოწყობილობების, საკვამლე-სავენტილაციო არხების არ არსებობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის გამოყენება;
– ანთებული გაზის ხელსაწყოების უმეთვალყურეოდ დატოვება;
– გაზსადენიდან ან გაზის ხელსაწყოებიდან გაზის გაჟონვის დადგენის მიზნით ღია ცეცხლის გამოყენება.
– წყალგამაცხელებელი და ყველა სახის გაზზე მომუშავე ხელსაწყოს დამონტაჟება სააბაზანო ოთახებში.
გახსოვდეთ რომ:
– პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მომხმარებლებს.
მოქალქეების მიერ წინამდებარე წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.