საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ ბალანსი უნდა დაიცვას, ადამიანის უფლებები იმის გამო არ უნდა დაირღვეს, რომ წინ ვიღაცის კომერციული ინტერესი დგას, განაცხადა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გედევან ფოფხაძემ. იგი სამომხმარებლო ტარიფების შესაძლო გადახედვის საკითხს გამოეხმაურა.
მიგვაჩნია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ კომერციულ ინტერესსა და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსი უნდა დაიცვას. გვინდა, რიმ ეს ბალანსი დაცული იყოს. ჩვენი გამოსვლები მხოლოდ ამას ემსახურება და ყველა კითხვა აქეთაა მიმართული. მომხმარებელი ზარალდება თან უსამართლოდ. გვინდა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. არის ეს მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციასა და უფლებამოსილების ფარგლებში?! თუ არის, ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ და მივუთითოთ მას იმის თაობაზე, რომ ადამიანის უფლებები ამ საკითხში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი. როცა ბუნებრივი მონოპოლისტები ჩნდებიან, მათ, მოქალაქეების წინაშე ავტომატურად უჩნდებათ ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა პირდაპირ აზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ, მოქალაქეებს არამედ აზარალებს იმ საზოგადოებრივ წეს–წყობილებას, რომელშიც ვცხოვრობთ. არ შეიძლება საუბარი დემოკრატიაზე, თუ ჩვენს მოქალაქეებს საძიძგნად გადავცემთ კომერციულ, იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ მონოპოლია და აქვთ საშუალება, ადამიანების სასიცოცხლო ინტერესებით მანიპულირება მოახდინონ, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
რა ბალანსს დაიცავს სემეკი, არ ვიცით და რიგით მოქალაქეებს რომ ჰკითხოთ, სულაც არ აინტერესებთ. ხალხმა ის იცოდა ,,ოცნების’’ დაპირებებიდან გამომდინარე, რომ ტარიფები კი არ უნდა გაზრდილიყო, არამედ უნდა შემცირებულიყო. ახლა კი მხოლოდ სიტყვების რახარუხი გვესმის, მეტი არაფერი!