საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წყლის რესურსების მართვის ქართულ-ავსტრიულ უნიკალურ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორია ამოქმედდება თავისი სრულფასოვანი კვლევითი საექსპერიმენტო ბაზით. პროექტის თაობაზე თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებები მიდიოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ავსტრიის მთავრობას შორის შესაბამისად, ლაბორატორიის შექმნასა დააღჭურვაში ქართულ მხარეს ავსტრიის მთავრობის მიერ შერჩეული ავსტრიული კომპანია Bilfinger VAM Anlagentechnik GmbH გაუწევს დახმარებას, რომელსაც ანალოგიური პროექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს განხორციელებული.
ლაბორატორია იმუშავებს წყლის რესურსების მართვის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, ჰიდროტექნიკური და ინფრასტრუქტურული ნაგებობებით გარემოზე ზემოქმედების რისკებისა და მოსალოდნელი შედეგების შესწავლასა და ანალიზზე. მათი თავიდან აცილებისა და მართვის მეცნიერული საფუძვლების შექმნაზე. გარდა ამისა, ლაბორატორია პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე, დაინტერესებულ ინვესტორებს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ისეთი მსხვილი პროექტების გახორციელებისას, როგორებიც არის ავტობანი, ანაკლიის პორტი, ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და სხვა.
ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბარატორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რომლის განცხადებით აღნიშნული ლაბორატორიის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი სპეციალისტების ჩამოყალიბებაში.
„ძალიან საინტერესო პროექტი ხორციელდება, რაც საქართველოში არსებული მდინარეების მართვასა და შესწავლას გულისხმობს. აქ ყურადღება გამახვილებულია ყველა მიმართულებით, როგორებიცაა ჰიდროლოგია, გეოლოგია და ა.შ. აღნიშნული ლაბორატორია ასევე მნიშვნელოვანი იქნება გარემოს დაცვის მიმართულებით. ჩვენთვის ამ პროექტმნა ძალიან დიდი ინტერესი დაიმსახურა და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროექტის განხორციელებას, ასევე, ძალიან დიდი ხელშეწყობა არის ფინანსთა სამინისტროდან, ეკონომიკის სამინისტროდან, გარემოს დაცვის სამინისტროდან, ასევე, საინტერესოა, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ყოველწლიურად დაახლოებით 2500 სტუდენტის გადამზადების საშუალება მოგვეცემა და აღნიშნულ ლაბორატორიაში სწავლების შედეგად გამოცდილ და ძლიერ სპეციალისტებს მივიღებთ. როგორც მოგეხსენებთ ჰიდროენერგეტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ჰიდროლოგების არსებობა და ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ ჩვენი სპეციალისტებით და ჰიდროლოგებით“ განაცხადა, ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ