კახა კალაძის განმარტებით, ლარის კურსის ცვლილების გამო შესაბამისი კომპანიები და თბოელექტროსადგურები დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ.
რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია ტარიფების გაზრდა, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ამ საკითხზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს დ მის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.
“ტარიფებზე მუშაობს მარეგულირებელი კომისია და ალბათ მისი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, თუმცა ლარის დევალვაციამ ძალიან სერიოზული დარყმა მიაყენა ენერგეტიკის დარგს. ამის გამო კომპანიები, თბოსადგურები ძალიან დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი ძალიან დიდია, ასევე ძალიან დიდია წილი გაზისა, რომელიც მუშავდება თბოელექტროსადგურებში და ვიღებთ ელექტროენერგიას”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის ცვლილების გამო, თბოელექტროსადგურებს გაუძვირდათ შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასი ლარში, რადგანაც მოწოდებული გაზის ფასი ფიქსირებულია დოლარში. ასევე, გამანაწილებელ ენერგოკომპანიებსაც გაუძვირდათ შესასყიდი საბალანსო ელექტროენერგია ლარში, ეს განპირობებული იყო ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელებით, რომლის ანგარიშსწორებაც რასაკვირველია ხდება დოლარში, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა ხდება ლარში.