ენგურჰესის ფინანსური მდგომარეობა

ენგურჰესის ფინანსური მდგომარეობა

კომპანიის კაპიტალში სახელმწიფო წილი 100%-ს შეადგენს, რომლის მოცულობაც 2014 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით განსაზღვრული იყო 207.9 მლნ ლარით, რომელიც მოიცავს შვილობილი კომპანია შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ წილის ღირებულებასაც – 44 მლნ ლარი.

აღსანიშნავია, რომ შპს „ენგურჰესის“ საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით აშკარად გაუმჯობესებულია და იგი შემდეგი გარემოებებით არის განპირობებული:

✔ დარგში არსებული სიტუაციის გაუმჯობესება, წარმოებული ელ.ენერგიის რეალიზების პირდაპირ ხელშეკრულებებზე გადასვლა და ამოღების მაჩვენებლის გაუმჯობესება;
✔ ხუთივე აგრეგატის რეაბილიტაცია;
✔ საწარმოს სტაბილურობისა და ელექტროენერგიის წარმოების ზრდა;
✔ საგადასახადო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია;
✔ საოპერაციო ხარჯების მინიმიზაცია და სარემონტო-სამოდერნიზაციო სამუშაოების მხარდაჭერა;
✔ ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა;

საწარმოს შემოსავლები უზრუნველყოფს აუცილებელი საექსპლუატაციო ხარჯების დაფარვას, თუმცა დადებით ფაქტორთან ერთად იქმნება გარკვეული სირთულეები: ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების მოთხოვნის თანახმად, აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია იფარება „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ ჰიდროელექტროსადგურებიდან უსასყიდლოდ, რაც ენგურჰესის წლიური გამომუშავების დაახლოებით 37-40%-ს უდრის. ეს მოცულობა ზამთრის და გაზაფხულის თვეებში 70-80%-ს აღწევს.

შპს „ენგურჰესი“ შვილობილ კომპანია შპს „ვარდნილჰესების კასკადთან“ ერთად წარმოადგენს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურს. მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ერთიან ელექტროსისტემაში შეადგენს 40%-ზე მეტს. გარდა ამისა, საქართველოში ამჟამად არსებულ ჰესებს შორის ყველაზე დაბალი ტარიფი გააჩნია – 1.187 თეთრი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით „ენგურჰესს“ ქართულ ბაზარზე ფაქტიურად კონკურენტი არ ჰყავს. შესაბამისად, საწარმოს საუკეთესო ტექნიკური პირობები გააჩნია სეზონში გაცილებით მაღალი ტარიფით ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გასატანად, რომლის ნათელი მაგალითია 2014 წელს 15.4 მლნ. ლარის ღირებულების 128.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის თურქეთის ბაზარზე გატანა.

ენერგოპლატფორმა

Leave a Reply