საქართველოსა და თურქმენეთის სტრატეგიული ხედვები ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით აბსოლუტურად თანხვედრაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საქართველოში საპასუხო ვიზიტით ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა, წლის ბოლოს თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწროს.
“ჩვენი შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი დაეთმო საქართველოსა და თურქმენეთს შორის მიმდინარე ინტენსიური თანამშრომლობების გაღრმავებას რიგი მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას ეკონომიკური განვითარების კუთხით. ამ თვალსაზრისით ჩვენი ერთობლივი სტრატეგიული ხედვები აბსოლუტურად თანხვედრია. თურქმენეთი ძალიან სწორად და სტრატეგიულად ხედავს თავისი ქვეყნის განვითარებას, თანამშრომლობას საქართველოსთან და ეს თანამშრომლობა არის მომგებიანი არა მარტო საქართველოსა და თურქმენეთისთვის, არამედ რეგიონისთვის და უფრო გლობალურად, ევრაზიული რეგიონის მრავალი ქვეყნისათვის. ჩვენი ერთობლივი სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტები და მათი ხედვები იძლევა შესაძლებლობას, თურქმენეთის ჭარბი ენერგეტიკული რესურსის ტრანსპორტირებისა ევროპის ბაზრებზე, თურქმენეთში არსებული სხვა რესურსების ტრანსპორტირების და ამ თანამშრომლობაში ერთვება არაერთი ქვეყანა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.