საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ, თურქმენ კოლეგას გურბანგული ბერდიმუჰამედოვს უმასპინძლებს.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის სასახლეში 2 ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან, რის შემდეგაც ერთობლივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
ამასთან, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილსაც შეხვდება.
ფხალაძის შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე სერიოზულად აისახება.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საერთაშორისო არენაზე კიდევ უფრო მკაფიოდ იქნას დაფიქსირებული საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, რაც გულისხმობს იმ დერეფნის წინ წამოწევას, რასაც ქვია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფანი, ამ სტრატეგიული ხაზის ფარგლებში. მინდა გითრათ, რომ თურქმენეთთან ურთიერთობების ინტენსიფიკაცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც შედგა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი და მაშინ გადავეცით მოწვევა. ეს არის მართლაც დიდი მნიშვნელობის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც მიზნად ისახავს შეხვედრებს, საუბრებსა და მოლაპარაკებებს, ყველა იმ თემატიკაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე გეოპოლიტიკური როლის განვითარებსთვის. უპირველესი აქცენტი გაკეთდება ეკონომიკაზე, ენერგოდერეფანზე. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ვიზიტი სერიოზულად აისახება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე“, – აღნიშნა ფხალაძემ.
